25 ნოემბერი 2024,   18:26
ვრცლად
წერტილები ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში - დედამიწა მესამე მსოფლიო ომის ზღვარზეა

სამხედრო კონფლიქტები, რომლებმაც გეოპოლიტიკური წესრიგი თავდაყირა დააყენა და დედამიწა მესამე მსოფლიო ომის საფრთხის პირას მიიყვანა - მდგომარეობა ახლა განსაკუთრებით დაძაბულია იემენში, სადაც მეამბოხე ჰუსიტებმა ისრაელს ომი გამოუცხადეს. არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთით მდებარე ამ სახელმწიფოში ცენტრალურ ხელისუფლებას კონტროლი ქვეყნის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილზე დაკარგული აქვს. აქ ჰუსიტების წინააღმდეგ ამერიკის შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი იბრძვიან. მოკავშირეებმა საჰაერო იერიში მიიტანეს ჰუსიტების სამხედრო და სარადარო სისტემებზე, რომლებითაც დაჯგუფება წითელ ზღვაში კომერციული გემების გადაადგილებას ადგენდა და ხომალდებზე თავდასხმებს ახორციელებდა. ეს კი ხელს უშლიდა სუეცის არხში გემების უსაფრთხო ნავიგაციას და აფერხებდა საერთაშორისო ვაჭრობას.

ახლო აღმოსავლეთში საომარი არეალის გაფართოების რისკი სულ უფრო იზრდება. იემენელი ჰუსიტების, "ჰამასისა" და "ჰეზბოლასა" მხარდამჭერი ირანი აქტიურ მოქმედებებზე გადავიდა. მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია ერაყიც. ირანმა ქურთისტანის ნახევრად ავტონომიური რეგიონის დედაქალაქ ერბილში, ამერიკის საკონსულოსთან ახლოს მდებარე ტერიტორიებზე სარაკეტო იერიშები მიიტანა, არის მსხვერპლიც.

ირანმა 16 იანვარს სარაკეტო იერიში მიიტანა პაკისტანის დასავლეთით "ბელუ ჯისტანის" ტერორისტული დაჯგუფების "ჯაიშ ალ-ადლის" პოზიციებზე. დაიბომბა ორი ბაზა. თავდასხმის შედეგად, ორი ბავშვი დაიღუპა და სამი დაიჭრა. ორ დღეში, პაკისტანმა ირანის ტერიტორიაზე საპასუხო დარტყმა განახორციელა.

ომის ზღვარზეა კორეის ნახევარკუნძული - ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთის მიმართულებით 200-ზე მეტი საარტილერიო ჭურვი ისროლა. საარტილერიო ჭურვებს სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე არ შეუღწევია, რადგან ყველა მათგანი ორ ქვეყანას შორის ბუფერულ ზონაში ჩამოვარდა. ორი დღის წინ, ფხენიანმა წყალქვეშა ატომური იარაღიც გამოცადა. სამხრეთ კორეა ჩრდილოეთ კორეის ამ ნაბიჯს გმობს და პროვოკაციულ ქმედებად აფასებს.

ცხელი წერტილი იყო ეთიოპიაშიც. სამოქალაქო ომმა მილიონობით ადამიანი ჰუმანიტარული კატასტროფის პირას მიიყვანა. შეტაკებები ხელისუფლებასა და "ტიგრაის" სახალხო განთავისუფლების ფრონტს შორის ეთიოპიის ჩრდილოეთ პროვინციაში მიმდინარეობდა. დაპირისპირებას ათასობით უდანაშაულო ადამიანი ემსხვერპლა.

ღია სამოქალაქო ომში გადაიზარდა სამხედრო ლიდერებს შორის დაპირისპირება სუდანში. შეიარაღებული კონფლიქტი ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება "სწრაფი რეაგირების ძალების" მებრძოლებს შორის მოხდა. შეტაკებების შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა.

იმ დროს, როცა ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში ერთდროულად რამდენიმე სამხედრო კონფლიქტი მიმდინარეობს, მსოფლიო შესაძლოა კიდევ ერთი ომის ზღვარზე აღმოჩნდეს. ამ შემთხვევაში, დაპირისპირების ადგილი სამხრეთ ამერიკის კონტინენტია, სადაც კონფლიქტი, შესაძლოა, ნავთობით მდიდარ ვენესუელასა და "გაიანას" შორის დაიწყოს. ვენესუელის პრეზიდენტი "გაიანას ესე-კიბოს" რეგიონის ანექსირებას გეგმავს. ვენესუელა რეგიონს საუკუნეზე მეტია საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, თუმცა საკითხს განსაკუთრებული ყურადღებას მას შემდეგ დაუთმო, რაც "ესე-კიბოს" სანაპიროებზე დიდი ოდენობის ნავთობი აღმოაჩნდა. გაიანასა და ვენესუელას შორის დაძაბულობის ფონზე სამხედროები მოაბილიზა ბრაზილიამაც ჩრდილოეთის საზღვარზე.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ყველაზე ხანგრძლივი სამხედრო დაპირისპირება კი აღმოსავლეთ ევროპაშია. რუსეთ-უკრაინის ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო, რამაც უდიდეს ადამიანურ დანაკარგთან ერთად არაერთი კრიზისიც გამოიწვია, უკრაინის მოსახლეობის მესამედი იძულებით გადაადგილებული გახდა. ომი ჯერ კიდევ გრძელდება და ყველაფრის მიუხედავად, მოსკოვი ე.წ.ი სპეციალური სამხედრო ოპერაციის შეჩერებას არ გეგმავს.

რუსეთ-უკრაინის ომი ყველაზე მასშტაბურია, თუმცა მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრშია ახლო აღმოსავლეთიც, ისრაელი - "ჰამასის" ომი უკვე 107-ე დღეა გრძელდება. უკან არცერთი მხარე იხევს. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ კი პირობას დებს, რომ ტერორისტულ ორგანიზაციას ბოლომდე გაანადგურებს და ღაზას "ჰამასისგან" გაწმენდს.

კონფლიქტი, ფაქტობრივად, დასრულებულია ჩვენს სამეზობლოში, სადაც აზერბაიჯანმა 2023-ში ტერიტორიული მთლიანობა აღდგენილად გამოაცხადა. ყარაბაღის მესამე ომი მსოფლიოს ისტორიაში, ალბათ, შევა, როგორც ყველაზე სწრაფად დასრულებული ომი. ყარაბაღში ახლა აზერბაიჯანის სახელმწიფო დროშა ფრიალებს.

როგორ შეიცვლება მსოფლიო წესრიგი მიმდინარე წელს?! - 2024 საარჩევნო წელია, პლანეტის 64 ქვეყანაში მოსახლეობა ხელისუფლებას ან პარლამენტს თავიდან აირჩევს. არ არის გამორიცხული, პოლიტიკურმა ცვლილებებმა სამხედრო კონფლიქტებზეც მოახდინოს გავლენა.

დღის ამბები