25 ნოემბერი 2024,   18:31
ვრცლად
საუკუნოვანი ტრადიციები, ისტორია და კულტურული მემკვიდრეობა - როგორია 10 ფოტოგრაფის მიერ დანახული მაღალმთიანი აჭარა

მაღალმთიანი აჭარა ბევრ კონტრასტულ ისტორიას ინახავს. ეთნიკური მრავალფეროვნებისა და ადგილობრივების ცხოვრების აღბეჭდვა, განსხვავებული ხედვით, 10-მა ფოტოგრაფმა შეძლო. აჭარის თითოეული კუთხისთვის დამახასიათებელი არქიტექტურა, საყოფაცხოვრებო ნივთები, ყოველდღიური ყოფა - ხელოვანები აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებს რამდენიმე თვის განმავლობაში სწავლობდნენ. კვლევის პროცესი დასრულდა - ციფრული თუ კლასიკური სახით გამოფენილი ნამუშევრები დამთვალიერებლებთან შესახვედრად უკვე მზად არის.

ციფრულ სივრცეში გამოსახული ახალგაზრდა ლატვიელი ფოტოგრაფის, დავის კანეპეს ნამუშევრები სოფელ თაგოშია გადაღებული. ხულოს ამ მუნიციპალიტეტში მის ობიექტივში აჭარელი ბებია მოხვდა, რომელიც ამ დასახლების ერთ-ერთი უხუცესია.

"შეხვედრის ადგილი მთები" - ამ სახელწოდებით გამოფენას თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი მასპინძლობს. დამთვალიერებლებს უცხოელ ფოტოგრაფებთან ერთად აჭარაში აღბეჭდილ ემოციებს ქართველი ხელოვანებიც გაუზიარებენ.

რა ვიცით მაღალმთიანი აჭარის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის, ტრადიციებისა და თანამედროვე გამოწვევების შესახებ? - ფოტოგრაფები რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობდნენ ამ კითხვებზე პასუხის გაცემას და რეგიონის ფირზე აღბეჭდვას. სოციალური პროექტი ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის ინიციატივით ტარდება.

10 ფოტოგრაფის მიერ დანახული მაღალმთიანი აჭარა - ფოტო-გამოფენის ნახვას დამთვალიერებლები 10 თებერვლის ჩათვლით შეძლებენ.

დღის ამბები