25 ნოემბერი 2024,   18:37
ვრცლად
ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული კამპანია - პარლამენტის თავმჯდომარის კრიტიკა "ტოლერანტობის ცენტრის" ხელმძღვანელის მიმართ

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, სახალხო დამცველის აპარატთან არსებული "ტოლერანტობის ცენტრის" ხელმძღვანელის, ბექა მინდიაშვილის საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებზე საუბრობს. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მინდიაშვილს ტოლერანტობის იდეა არ ესმის, მტრული რიტორიკით გამოირჩევა და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის აქტიური მონაწილეა.

არის თუ არა მსგავსი განცხადებები რელიგიური შეუწყნარებლობა, სიძულვილის ენა და მტრული რიტორიკა, ოპოზიციას საუბარი არ სურს. ბექა მინდიაშვილის საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებზე ამბობენ მხოლოდ იმას, რომ სტატუსის მიუხედავად, ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება.

ბექა მინდიაშვილის განცხადებების შინაარსს არც მისი კოლელეგები აფასებენ არასამთავრობო სექტორიდან.

შალვა პაპუაშვილს, ბექა მინდიაშვილთან და მის ორგანიზაციასთან კითხვები აქვს ცენტრის სახელწოდებასთან და დაფინანსების წყაროებთან დაკავშირებით. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სახელწოდებიდან გამომდინარე, სახალხო დამცველთან არსებული "ტოლერანტობის ცენტრი" ჩრდილს აყენებს ლევან იოსელიანის ინსტიტუტსაც. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრი არ არის ომბუდსმენის ოფისის სტრუქტურული ერთეული და დაფინანსებას USAID -ის პროგრამის ფარგლებში იღებს.

ის, რომ ტოლერანტობის ცენტრი, სახალხო დამცველის აპარატის სტრუქტურული ერთეული არ არის, დღეს ლევან იოსელიანმაც დაადასტურა. ლევან იოსელიანი ეკლესიის წინააღმდეგ სიძულვილის ენას ემიჯნება და ამბობს, რომ ბექა მინდიაშვილი გადაწყვეტილებებს ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით დამოუკიდებლად იღებს.

საქართველოში USAID-ის წარმომადგენლობა კი განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობასთან მუდმივი, ღია და გამჭვირვალე კომუნიკაცია აქვთ. "რუსთავი 2"-ისთვის გამოგზავნილ ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ აშშ-ის მთავრობა, USAID-ის მეშვეობით, ქვეყნის ხელშეწყობის ფარგლებში და საქართველოს საკეთილდღეოდ, მრავალ ორგანიზაციასთან მუშაობს ტოლერანტობის მხარდასაჭერად.

მმართველი გუნდში ამბობენ, რომ კითხვები ბევრია, მათ შორის დამფინანსებელ ქვეყნებთან - რამდენად არიან საქმის კურსში იმასთან დაკავშირებით თუ რაში იხარჯება მათი ფინანსები.

"კურიერის" სატელეფონო ზარებს დღეს არ უპასუხა თავად ბექა მინდიაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაზე კი რამდენიმე საათის წინ, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი წერს, რომ ცენტრი წლებია იცავს რელიგიურ თავისუფლებას და საქმიანობას მომავალშიც იგივენაირად გააგრძელებს.

დღის ამბები