გურჯაანის მუნიციპალიტეტში, მამიდის ქმრის მიერ 14 წლის გოგო გაუპატიურების ფაქტთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. "კურიერი" დაზარალებულის ოჯახის წევრებს ესაუბრა.
გოგონას ნათესავები, გაუპატიურებაში ბრალდებული მამაკაცის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ. როგორც ისინი ამბობენ, შემთხვევა ფერმაში მოხდა.
ფაქტი თავად მოზარდმა გაამჟღავნა და დედას დაურეკა. ადგილზე მისულ გოგონას ოჯახის წევრებს მამაკაცი უკვე გაქცეული დაგხვდათ. რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ, დაზარალებული გოგონას ნათესავებმა მის კვალს მიაგნეს. შურისძიების მიზნით, მას სხეულზე ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს.
"შვილი გარდამეცვალა რამდენიმე დღის წინ, ოჯახში გლოვა გვქონდა, როცა ჩემი გარდაცვლილი შვილის უნამუსო ქმარი 14 წლის ბავშვს აუპატიურებდა ფერმაში. ჩვენ ბავშვი ვანდეთ, ის კი ასე მოიქცა. მოვითხოვთ უმკაცრესად დასჯას," - ამბობს არასრულწლოვანი გოგონას ოჯახის წევრი.
გოგონას ოჯახის წევრები ამბობენ, რომ გაუპატიურებაში ბრალდებული მამაკაცი მათ ოჯახში წლების განმავლობაში ცხოვრობდა.
"ჩემი დის გარდაცვალებიდან ჯერ 40 დღეც არ გასულა, ჩვენთან სახლში ხალხი სამძიმარზე შეიკრიბა, როცა სიძე, რომელიც ამ სახლში წლები ცხოვრობდა, 14 წლის გოგონას აუპატიურებდა. ამას ვერავინ აიტანდა. ვითხოვთ მის დასჯას," - ამბობს ოჯახის კიდევ ერთი წევრი.
დაჭრილი ბრალდებული სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. ექიმის თქმით, სავარაუდო მოძალადის მდგომარეობა მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. დაჭრის ფაქტზე კი დაკავებულია გოგონას ნათესავი, რომლის აღკვეთ ღონისძიებაზე სიღნაღის რაიონული სასამართლო დღეს იმსჯელებს.
"45 წლის მამაკაცია, უცხო ქვეყნის მოქალაქე. შემოსვლისას იყო მძიმე მდგომარეობა, იმყოფებოდა კომაში, გამოხატული იყო შოკი. აღენიშნებოდა სხეულზე მრავლობითი ჭრილობები, მათ შორის გულ-მკერდის მარცხენა ნახევარში, გულ-მკერდის ღრუში შემავალი ჭრილობა. ჩაუტარდა ოპერაციული ჩარევა, გულ-მკერდის ღრუს დრენირება. იმყოფება ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე მძიმე მდგომარეობაში. შემოსვლის მომენტიდან ამ დრომდე პოლიციის მეთვალყურეობა გრძელდება,“ - აცხადებს "ჯეო ჰოსპიტალსის" საგარეჯოს კლინიკის დირექტორი, სულხან სამხარაძე.