ირანის იერიშიდან 2 დღის შემდეგ, პაკისტანმა პასუხი ზუსტად იმავე ფორმით გასცა - სარაკეტო დარტყმა მოსაზღვრე პროვინციაში და განცხადება რომ სამიზნე არა ირანის მშვიდობიანი მოსახლეობა, არამედ ტერორისტების დაჯგუფება იყო. სამხედრო რეაგირების გარდა, პაკისტანი ირანს დიპლომატიური ნაბიჯითაც ღიად ეუბნება, რომ წითელი ხაზის გადაკვეთას არ შეეგუება.
ორ მეზობელ ქვეყანას შორის ხანგრძლივი მშვიდობა, 16 იანვარს პაკისტანის სამხრეთ დასავლეთით, ბელუჩისტანის პროვინციაში ირანის სარაკეტო იერიშმა დაარღვია, რასაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოყვა. ირანში განაცხადეს რომ სამიზნე ეთნიკური ირანელების დაჯგუფება "ჯაიშ ალ ადლი" იყო და მათ პაკისტანის სუვერენიტეტის შელახვა არ სურდათ.
ირანსა და პაკისტანს შორის გაცვლილი სარაკეტო იერიშები და დაძაბულობის ახალი კერა უფრო მეტად ამძიმებს ვითარებას რეგიონში სადაც ყოველდღიურად ახალი გამოწვევები ჩნდება. ყოველი მათგანი პირდაპირ ან ირიბად ღაზაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციას უკავშირდება. ირანში აცხადებენ, რომ ფართო კონფლიქტში ჩაბმა არ სურთ, თუმცა მეორე მხრივ "წინააღმდეგობის ღერძის" ჯგუფების ხელით აქტიურად მოქმედებენ. სწორედ ირანის მხარდაჭერილი და შეიარაღებულია ლიბანური "ჰესბოლა" და "ჰუსიტური" დაჯგუფებები ერაყში, სირიასა და იემენში. ეს დაჯგუფებები ღიად უპირისპირდებიან ისრაელს, ამერიკას და მათ მოკავშირეებს რითაც პალესტინის მიმართ სოლიდარობას აჩვენებენ.
"ჰუსიტების" მცდელობა, რომ წითელ ზღვაში საერთაშორისო კომერციული გემების მოძრაობა სამხედრო იერიშებით შეაჩეროს, ახლა ამერიკის ბრიტანეთის და სხვა მოკავშირეების ერთ-ერთი ყველაზე ცხელი გამოწვევაა. ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული დაჯგუფების ბოლო სამიზნე ამერიკული კომერციული სატვირთო გემი "GENCO PICARDY" გახდა.
წითელ ზღვაში ჰუსიტებისგან მორიგი თავდასხმების საფრთხეს რეალურად აფასებს პენტაგონი. შტატებში აცხადებენ, რომ ეს არა მხოლოდ ამერიკის, არამედ გლობალური პრობლემაა და საჭიროა პარტნიორებთან ერთად უსაფრთხოების გამოწვევების გადაჭრა.
ზომები ნაწილობრივ მიღებულია - შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა იემენში ჰუსიტების სამხედრო ობიექტებზე საჰაერო დარტყმები რამდენჯერმე უკვე განახორციელეს. მზარდი საფრთხეების გათვალისწინებით ისინი პარტნიორებთან ერთად რეგიონში სამხედრო შესაძლებლობებს ეტაპობრივად ზრდიან.