25 ნოემბერი 2024,   18:42
ვრცლად
ანტვერპენი ევროპაში ნარკოტრაფიკის მთავარ კარიბჭედ იქცა - 116 ტონა კოკაინი მხოლოდ ნაწილია იმ ნარკოტიკული საშუალებების, რომელიც სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან ბელგიაში შეიტანეს

ბელგიის საპორტო ქალაქი ევროპაში ნარკოტრაფიკის მთავარ კარიბჭედ იქცა. ქვეყნის ხელისუფლება ამ დასკვნამდე მას შემდეგ მივიდა, რაც გაირკვა, რომ 2023 წელს ანტვერპენის პორტში რეკორდული რაოდენობის ნარკოტიკები შევიდა. 116 ტონა კოკაინი მხოლოდ ნაწილია იმ ნარკოტიკული საშუალებების, რომელიც სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან ბელგიაში შეიტანეს. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ ამოღებული ნარკოტიკები რეალურად იმ მოცულობის 10 პროცენტია, რაც ანტვერპენის გავლით ევროპაში ხვდება.

ნარკოტიკების ტრაფიკი თავისი მასშტაბით ბელგიაში უკვე ტერორიზმის საფრთხეს უტოლდება. არის შემთხვევები, როცა ნარკოკარტელები არ ერიდებიან მკვლელობებს, გატაცებებს და მუქარას, მათ შორის მაღალჩინოსნების მიმართ. ბელგიის იუსტიციის მინისტრს რამდენიმე დღე საიდუმლო თავშესაფარში მოუწია ყოფნა მას შემდეგ, რაც პოლიციამ გაშიფრა მაფიის მიერ მისი გატაცების გეგმა. ბელგიის საბაჟო სამსახურები ნარკოტრაფიკის წინააღმდეგ თითქმის საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

ბელგიის შემდეგ, ნარკოტიკების ტრანზიტით ევროპაში მეორე ადგილზე ნიდერლანდებია. მხოლოდ როტერდამის პორტში გასულ წელს 60 ტონა კოკაინი ამოიღეს. სამხრეთ ამერიკიდან ევროპის პორტებში ნარკოტიკები ძირითადად მალფუჭებადი პროდუქტების და ხილის კონტეინერებით, შენიღბული სახით შედის. გასულ წელს 1 ტონა და 600 ათასი კილო ჰეროინი ანტვერპენიდან ბათუმის პორტში უნდა შემოსულიყო, თუმცა დანაშაული მომზადების სტადიაზე აღიკვეთა. საპოლიციო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქართველი სამართალდამცველებიც.

ქართველი და ევროპელი სამართალდამცველების პარტნიორობით ნარკოტრაფიკის ბრალდებით არაერთი პირია დაკავებული. მათ შორის საქართველოში დააკავეს და იტალიას გადასცეს კრიმინალური ორგანიზაცია დრანგეტას ერთ-ერთი ლიდერი ჯუზეპე სგანგა. ეს ის ორგანიზაციაა, რომელიც ევროპაში შესული კოკაინის თითქმის 80 პროცენტს აკონტროლებს.

დღის ამბები