ინტერრელიგიურმა სათათბირომ სამების ტაძარში მომხდართან დაკავშირებით იმსჯელა და ერთობლივ განცხადებაზე შეჯერდა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, შეხვედრას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ებრაელთა კავშირის, მუსლიმთა სამმართველოს, ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის, ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის, ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის, მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის, სახარების რწმენის ეკლესიის, ეზიდთა სასულიერო საბჭოს, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, ბაპტისტური ეკლესიების კავშირის, "ხსნის არმიის" წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
"რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძის განმარტებით, შეკრების მიზეზი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინადადება გახდა, რომელმაც სამების საკათედრო ტაძარში მომხდარ ვანდალურ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება და ფაქტის შეფასება ითხოვა.
ინტერრელიგიური სათათბიროს წევრებმა სოლიდარობა და სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს მართლმადიდებელ ეკლესიას და აღნიშნეს, რომ განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, ეკლესიის სივრცეში ვანდალური ქმედება და სიწმინდის შეურაცხყოფა მიუღებელია. მიუხედავად რელიგიებს შორის მსოფლმხედველობრივი სხვაობისა, საქართველოში მუდამ ტოლერანტული და ურთიერთპატივისცემით გამსჭვალული გარემო იყო, რომელიც უნდა შენარჩუნდეს. ინტერრელიგიური სათათბიროს წევრებმა მომხდარი ცალსახად მკრეხელობად და ვანდალიზმის აქტად შეაფასეს. მათ შორის, სხვისი ქონების დაზიანების თვალსაზრისითაც.
შეკრებილთა თქმით, თავისუფლებასა და ყველაფრის უფლებას შორის დიდი სხვაობაა და ამგვარი ფაქტები რომ არ გაგრძელდეს, რეაგირებაა საჭირო. ამავდროულად, ხაზგასმით აღინიშნა, რომ რეაგირება კანონის სრული დაცვით უნდა მოხდეს, რათა არ წახალისდნენ რადიკალური ჯგუფები, რადგან მიზანი ვანდალიზმის აღკვეთაა და არა რომელიმე ცალკეული პირის მიმართ ძალადობის წაქეზება.
შეკრების დასასრულს, ინტერრელიგიური სათათბიროს წევრებმა მიიღეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც ნათქვამია:
ჩვენ, საქართველოში მოღვაწე რელიგიური ორგანიზაციები:
ვგმობთ ა. წ. 9 იანვარს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სამების საკათედრო ტაძარში განხორციელებულ ვანდალურ აქტს, მიგვაჩნია ის რელიგიური გრძნობების წინააღმდეგ მიმართულ ყოვლად გაუმართლებელ, მიუღებელ და შეურაცხმყოფელ ქმედებად. მსგავსი ინციდენტი აღარ უნდა განმეორდეს საქართველოში არც ერთი რელიგიური მიმდინარეობისა თუ აღმსარებლობის მიმართ.
საქართველო ყოველთვის იყო და დარჩება, როგორც რელიგიათა შორის მშვიდობიანი თანაარსებობისა და ტოლერანტობის, ასევე, თავად რელიგიური გრძნობების პატივისცემისა და დაცვის სიმბოლოდ.
▪️ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია;
▪️ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო;
▪️ სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქია;
▪️ ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია;
▪️ საქართველოს ებრაელთა კავშირი;
▪️ საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირი;
▪️ საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია;
▪️ საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია;
▪️ საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია;
▪️ საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭო;
▪️ საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის „ხსნის არმია“ წარმომადგენლობა საქართველოში;
▪️ საქართველოს მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესია." - აღნიშნულია განცხადებაში.