საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო, საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა - ღვინის 8000 წლიანი ისტორიის მქონე ქვეყნით, ამჯერად CNN დაინტერესდა. ამერიკულმა ტელეკომპანიამ ორი ვიდეორგოლი მოამზადა, სადაც ქართული ღვინის მრავალფეროვნებაზე, ისტორიასა და კულტურაზეა საუბარი. ორივე რეპორტაჟი CNN-ის ეთერში 15 იანვრიდან უკვე განთავსდა.
ღვინის დაყენების მეთოდი, სახელგანთქმული ჯიშები და ქვევრი - CNN ქართული ღვინის დამზადების სპეციფიკაზე დეტალურად საუბრობს. ღვინის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ ამერიკული ტელეკომპანიის მხრიდან ქართული ღვინის ისტორიის მიმართ ასეთი ინტერესი, შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
CNN-ის მიერ მომზადებული ვიდეორგოლების მთავარი გმირები ქართველი მეღვინეები არიან. ერთ-ერთი რეპორტაჟი ქალ მეღვინეებზე გვიამბობს, რომლებიც ღვინის დამზადების ოჯახურ ტრადიციას აგრძელებენ.
ამერიკული ტელეკომპანიის ყურადღება ქართული ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდის გარდა, თანამედროვე ტექნიკის გამოყენებამაც მიიპყრო.
ამერიკულ ტელეკომპანიას არც ის დავიწყებია, რომ ღვინის დამზადების ქართული მეთოდი 2013 წლიდან იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია.
CNN-ის მხრიდან ქართული ღვინით დაინტერესება ვიდეორგოლმა „ღვინის სამშობლო წარმოგიდგენთ“ განაპირობა, რომელიც ამერიკული ტელეკომპანიის ეთერში ერთი თვის განმავლობაში იყო განთავსებული. ახალი ვიდეორგოლები კი CNN-ის ეთერში 28 იანვრის ჩათვლით დარჩება.