25 ნოემბერი 2024,   18:34
ვრცლად
სამანტა პაუერის მიერ ორგანიზებულ პანელზე წარმოაჩინეს საქართველოს წარმატებული მაგალითი, მიმაჩნია, რომ ჩვენი პროგრესის წარმოსაჩენად ყველა ფორმატი უნდა გამოვიყენოთ - ირაკლი ღარიბაშვილი

​USAID-ის ადმინისტრატორის, სამანტა პაუერის მიერ ორგანიზებულ პანელზე წარმოაჩინეს სისხლში ტყვიის შემცველობის დონის შემცირების კუთხით საქართველოს წარმატებული მაგალითი. მიმაჩნია, რომ ყველა ფორმატი უნდა გამოვიყენოთ, რათა წარმოვაჩინოთ ჩვენი წარმატება და პროგრესი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში ჟურნალისტებს განუცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, სამანტა პაუერის მიწვევით, მან გუშინ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, სახელწოდებით „ტყვიის შემცველობისგან თავისუფალი ატმოსფერული ჰაერისკენ“ და აღნიშნა, რომ „ეს საკითხი არ არის მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის ან ამერიკისთვის მნიშვნელოვანი, არამედ მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი საკითხია, ვინაიდან ეხება ბავშვებს, ფეხმძიმე ქალებს, მათ ჯანმრთელობას“.

„ჩვენ მივიღეთ ამ პანელში მონაწილეობა, რომელიც USAID-ის ადმინისტრატორის, პრეზიდენტის მიერ იყო ორგანიზებული, სადაც წარმოაჩინეს საქართველოს წარმატებული მაგალითი, რადგან ჩვენმა ქვეყანამ ბოლო წლებში ძალიან მნიშვნელოვანი და, რაც მთავარია, ეფექტური ნაბიჯები გადადგა სისხლში ტყვიის შემცირების მიმართულებით. ამიტომ მიმაჩნია, რომ ყველა ფორმატი უნდა გამოიყენოს ჩვენმა ქვეყანამ, რომ წარმოვაჩინოთ ჩვენი წარმატება და პროგრესი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელმა, სამანტა პაუერმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელზე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს. სამანტა პაუერის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის ძალისხმევამ ტყვიით დაბინძურების მკურნალობისა და პრევენციისთვის ხუთ წელიწადში ორი მესამედით შეამცირა სისხლში ტყვიის შემცველობა ქვეყნის ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონებში.

დღის ამბები