ტყიბულის მერიის თანამშრომელმა იზოლატორს თავი 5 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ დააღწია - მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილის ეს გადაწყვეტილება, ბრალდების მხარემ, სააპელაციო სასამართლოში რამდენიმე საათის წინ გაასაჩივრა. პროკურატურა მიიჩნევს, რომ ცოლზე ძალადობის საქმეზე ჯონი ქასრაშვილს პატიმრობა უნდა შეეფარდოს. იმავეს მოითხოვდა სახელმწიფო ბრალდება სასამართლო პროცესზეც, თუმცა მისი შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
გამოძიების ინფორმაციით, ნასვამი ქასრაშვილი ცოლს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ფიზიკურად გაუსწორდა, თუმცა, დაზარალებულმა ქალმა, ქმრის წინააღმდეგ ჩივილი გადაიფიქრა და სასამართლო სხდომაზე მისი გათავისუფლება მოითხოვა. განმარტა, რომ ეს ძალადობის პირველი შემთხვევა იყო და, ამის გამო, მეუღლის საპატიმროში გაშვება არ სურს.
მოსამართლეს, გათავისუფლების თხოვნით, თავად ბრალდებულმაც მიმართა. ჯონი ქასრაშვილმა, ცოლის ცემის გამო, სინანული გამოხატა და პირობა დადო, რომ, პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემთხვევაში, მეუღლეზე აღარ იძალადებს.
სხდომის დასრულების შემდეგ ჯონი ქასრაშვილმა საპატიმრო დაწესებულება გირაოს სანაცვლოდ მალევე დატოვა, თუმცა მედიასთან აღარ გამოჩენილა. მომხდარის დეტალებზე საუბარი დღეს არც მისმა ოჯახმა ისურვა.
სასამართლო პროცესზე მიცემული ჩვენების შემდეგ, ჟურნალისტებთან განმარტებები არც ბრალდებულის მეუღლეს გაუკეთებია. "კურიერი" დღეს ნინო სულაბერიძის დედას ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ ქალმა მეუღლის გათავისუფლება შვილების გამო მოითხოვა.
დაბრუნდება თუ არა ჯონი ქასრაშვილი ციხეში, სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტს.