25 ნოემბერი 2024,   18:45
ვრცლად
ვანო ჩხარტიშვილი "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ბრალდებებს ვრცელი წერილით პასუხობს - ბიზნესმენი არასამთავრობო ორგანიზაციას ფაქტების დამახინჯებაში ადანაშაულებს

სიღნაღში მდებარე სასტუმრო მიწის იმ ნაკვეთზე მდებარეობს, რომლის პრივატიზაციის პირობების შეცვლასთან დაკავშირებით "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" კრიტიკული რელიზი გამოაქვეყნა. არასამთავრობოს მტკიცებით, მიწის ნაკვეთის ირგვლივ, რომელიც ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ოჯახს საინვესტიციო ვალდებულებებით ეკუთვნის, საეჭვო გარემოებები იკვეთება - რაც მთავრობის განკარგულებით საინვესტიციო ვალდებულებების გადავადებაში გამოიხატება. გამჭვირვალობას დღეს ბრალდებების ადრესატი ვრცელი წერილით გამოეხმაურა. ვანო ჩხარტიშვილმა ახსნა, რომ მიწის ნაკვეთი მან ჯერ კიდევ 2007 წელს არა 1 ლარად, არამედ 2 მილიონ 700 ათას ლარად შეიძინა, რაც სააკაშვილის ხელისუფლების მხრიდან მალევე ჩამოერთვა.

ვანო ჩხარტიშვილი ვრცელ წერილში მისი კომპანიის მხრიდან აღებულ საინვესტიციო ვალდებულებასაც შეეხო და გადავადების მიზეზებიც განმარტა. ბიზნესმენის თქმით, თავდაპირველად პროექტი 50 ნომრიან სასტუმროს მშენებლობას ითვალისწინებდა, ცვლილება კი მასშტაბის გადიდებამ შესაბამისად ინვესტიციის 50 მილიონამდე გაზრდა გამოიწვია.

ბიზნესმენი არასამთავრობო ორგანიზაციას ფაქტების დამახინჯებასა და მანიპულირებაში ადანაშაულებს. ჩხარტიშვილის კონტრბრალდების შემდეგ. ორგანიზაციაში საუბარი არავინ ისურვა - მიუხედავად იმისა, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა" რელიზში პრივატიზაციის საინვესტიციო პირობების შეცვლას ხშირ პრაქტიკას უწოდებს. გავლენიანი არასამთავრობოს წარმომადგენელმა პირად საუბარში "რუსთავი 2"-თან კომენტარზე უარის ერთ-ერთ მიზეზად, არხის გუშინდელ საეთერო ბადეში მათთვის საინტერესო ამბის ვერ მოხვედრა დაასახელა.

"გამჭვირვალობის" განცხადებას ეკონომიკის სამინისტროც გამოეხმაურა. უწყებაში განმარტეს, რომ ვადების შეცვლის მიზეზი ინვესტიციის მოცულობის თითქმის გასამმაგება გახდა. მათი თქმით, სასტუმრო კომპლექსი, მომავალში სიღნაღის მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვან ეკონომიკურ მიზიდულობის ცენტრად იქცევა.

ახალ მასშტაბურ სასტუმრო კომპლექსს, პოტენციური დასაქმებისა და შემოსავლის ზრდასთან აკავშირებენ სიღნაღელები. ადგილობრივების თქმით, მსგავსი პროექტები მათ ფინანსურ მდგომარეობაზე დადებითად აისახება.

სიღნაღში 100-ნომრიან სასტუმროს მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდება. პროექტში უკვე დახარჯულია 50 მილიონიანი ინვესტიცია.

დღის ამბები