25 ნოემბერი 2024,   18:54
ვრცლად
ერთი სული ჰქონდათ კალაძეს ეთქვა, რომ გადაიწია ერთი ან ორი თვით წერეთლის რეაბილიტაციის დასრულებამო, ეს რომ ვერ გაიგეს, ამიტომ არიან დაგეშილები - ირაკლი ზარქუა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ოპონენტები გააკრიტიკა და თქვა, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები წერეთლის გამზირის თემით მანიპულირებას ცდილობენ.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა, ოპონენტებს წინა ხელისუფლების დროს განხორციელებულ პროექტებს ახსენებს, რომლებიც მათი შეფასებით, მუდმივად სერიოზულ ხარვეზებს შეიცავდა. 

"ერთი სული ჰქონდათ, კახი კალაძეს დღეს ეთქვა, რომ გადაიწია ერთი თვით ან ორი თვით წერეთლის რეაბილიტაციის დასრულებამო. ეს რომ ვერ გაიგეს, ამიტომ არიან ახლა აქცენტირებული და დაგეშილები, ყველა ფრონტი აქვთ გახსნილი ამ ხელმოცარულებს. დედაქალაქის მერი გამოვიდა დღეს და წერტილი დაუსვა და თქვა, როგორც იყო დაგეგმილი თავიდანვე, იანვრის ბოლომდე წერეთლის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა აღდგება

გაგიჟებულები არიან, რა ქნან არ იციან. ვიღაცამ თქვა, რომ ნაცების დროს დამთავრებული იქნებოდაო. კი, მეც გიდასტურებთ, იმიტომ რომ ზედაპირულად აკეთებდნენ. ჩვენ არა ერთი პროექტი გვინახავს ბატონი უგულავასი, 50 მილიონი რომ მოპარა დედაქალაქს, ეს რაც დავუმტკიცეთ. ის გაცვეთილი და დაჟანგული მილები უნდა ამოიღო და ამ ოპოზიციას ცხვირწინ უნდა დავუდოთ, თუ როგორ აკეთებდნენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ჩვენი ხელწერა არის ჭავჭავაძის რეაბილიტაცია და მთლიანად გაკეთება. კალაძესთან დაახლოებულმა კომპანიებმა გაიმარჯვეს ტენდერში და ახლა რომ შეუწყვიტა და გააგდო, ახლა არ არიან? ეს არის ამათი მორალი და ხელწერა," - ამბობს ირაკლი ზარქუა.

"ხალხის ძალის" წევრი გურამ მაჭარაშვილი კი აცხადებს, რომ კომპანიების ხარვეზებზე დედაქალაქის მერიამ დროული რეაგირება მოახდინა და ოპოზიციის კრიტიკა სპეკულაციაა.

"მსოფლიო პრაქტიკაა, რომ საჯაროდ ტარდება ტენდერი, რომელიც კანონით არის გაწერილი თუ როგორ უნდა მოხდეს ამის მონიტორინგი, მერია კი, ზუსტად ამ კანონის პროცედურებს მიჰყვება. როდესაც ეს პროცედურები დაირღვა, ამ კანონის საფუძველზე მოახდინა მერიამ კონტრაქტის გაწყვეტა,"- აცხადებს  საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” წევრი გურამ მაჭარაშვილი. 

წერეთლის გამზირზე 4-მა ახალმა კომპანიამ მუშაობა უკვე დაიწყო. "ენკო", "პარმა", "ჯეო გრუპი" და "ბლექ სი გრუპი" პროექტს დაასრულებენ. დედაქალაქის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, წერეთელზე მოძრაობა იანვრის ბოლოს აღდგება და მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტმა 2 კომპანიასთან ხელშეკრულება გააუქმა, პროექტი დათქმულ ვადებში შესრულდება. პარალელურად, მერია შესყიდვების სააგენტოს მიმართავს, ორივე კომპანია შავ სიაში შეიყვანოს. მათ მერიის მიერ დაკისრებული ჯარიმების გადახდა მოუწევთ. 

 
დღის ამბები