25 ნოემბერი 2024,   18:48
ვრცლად
ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს, რომ რამენაირად შეაფერხოს ჩვენი სვლა ევროინტეგრაციის მიმართულებით, თუმცა ამ საბოტაჟს არავითარი რეალური პერსპექტივა არ აქვს - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პარტია "ევროპელი დემოკრატების" გენერალური მდივნის, მამუკა გამყრელიძის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ყველაფერს აკეთებდა ოპოზიცია იმისთვის, რომ ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი.

"დრო და დრო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ახალ-ახალი მტკიცებულებები, რომლებიც უკავშირდება ოპოზიციის მხრიდან ევროინტეგრაციის საბოტაჟს, კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესისა საბოტაჟს. ეს გასაკვირი არ არის. ყველაფერს აკეთებდა ოპოზიცია, რომ საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. ეს საბოტაჟი გაგრძელდება ამ მიმართულებით, ყველაფერს გააკეთებს ოპოზიცია, რომ რამენაირად შეაფერხოს ჩვენი სვლა ევროინტეგრაციის მიმართულებით. თუმცა, როგორი წარუმატებელიც იყო მათი მცდელობები კანდიდატის სტატუსის მიღების თვალსაზრისით, ასევე წარუმატებელი იქნება მომავალშიც. შესაბამისად, ამ საბოტაჟს არავითარი რეალური პერსპექტივა არა აქვს," - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

ცნობისთვის, მამუკა გამყრელიძე აღიარებს, რომ ოპოზიცია დასავლეთში მოლაპარაკებებს აწარმოებდა, რათა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. პარტია "ევროპელი დემოკრატების" გენერალური მდივანი გვარებს არ ასახელებს, თუმცა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში ღიად ამბობს, რომ ოპოზიციის გარკვეული წარმომადგენლები დასავლელ პარტნიორებთან ამ შინაარსის მოლაპარაკებებს მართლაც აწარმოებდნენ.

 

დღის ამბები