25 ნოემბერი 2024,   20:25
ვრცლად
მმართველი პარტიის წარმომადგენლები ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობენ

ჩინეთში ვიზიტის მესამე დღე - საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენლები ოფიციალურ შეხვედრებს დღესაც პეკინში გეგმავენ, მომდევნო დღეების განმავლობაში კი არაერთი შეხვედრა ჩინეთის ყველაზე დიდ ქალაქში, შანხაიში შედგება.

ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ქართველი კანონმდებლები უკვე შეხვდნენ ჩინეთის მმართველი პარტიის საერთაშორისო დეპარტამენტისა და სახელმწიფო საბჭოს განვითარების კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელებს, ასევე სხვა ოფიციალურ პირებს.

ქართულ დელეგაციაში ამბობენ, რომ საუბრები ყველა მიმართულებას ეხება, მათ შორის, პოლიტიკას, ვაჭრობას, ეკონომიკას. აქცენტი კეთდება ე.წ. შუა დერეფნის განვითარებაზე. ითქვა ასევე, რომ ორივე მხარე აღიარებს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას. ჩინეთი საქართველოს სუვერენიტეტს, საქართველო კი ერთიანი ჩინეთის პრინციპს.

ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაციის ვიზიტი ჩინეთში 20 იანვრამდე გაგრძელდება.

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის თქმით, შეხვედრებზე, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილავენ საქართველოს, როგორც შუა დერეფნის მნიშვნელობის საკითხს.

"ჩინეთში ნაყოფიერი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გვექნება ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან. ჩინეთთან თანამშრომლობა საქართველოსთვის ძალიან საინტერესოა, ისევე, როგორც მსოფლიოს უდიდესი ქვეყნები სხვადასხვა კავშირებს ამყარებენ ნომერ მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან, საქართველოსთვისაც ეს ინტერესი ძალიან დიდია. ვიზიტის ფარგლებში გვქონდა ნაყოფიერი შეხვედრები და საუბარი, როგორც პოლიტიკურ თანამშრომლობაზე, ასევე ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. საქართველო, როგორც შუა დერეფნიდან, როგორც ერთი გზის მონაწილე ქვეყანას, დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა შეუძლია ჩინეთთან თანამშრომლობით და ჩინეთი საქართველოსთვის ამ შესაძლებლობებს ხსნის", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

დღის ამბები