ამერიკის შეერთებული შტატების უმეტესი ნაწილი არქტიკულმა აფეთქებამ მოიცვა. ჩრდილოეთის შტატებში, ტეხასსა და აიოვაში, ძლიერმა ყინვამ და დიდთოვლობამ, 10 ათასობით მომხმარებელს ელექტროენერგიის მიწოდება შეუზღუდა.
150 000 სახლი და კომერციული სივრცე მიჩიგანში, ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. კრიტიკული მდგომარეობაა გზებზე. უხვი ნალექის გამო, გადაადგილება შეფერხებულია კოლორადოში.
აშშ-ის ავიაციის ფედერალური ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ქარიშხლის გამო გაუქმდა ფრენებიც. არქტიკული ქარიშხლების სერიამ სახიფათო მდგომარეობა შექმნა შტატების მთელ ტერიტორიაზე, არის მსხვერპლი. ორეგონის შტატში, ქარიშხლის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა. ამინდის კიდევ უფრო გაუარესებაზე საუბრობენ სინოპტიკოსები, ყინვამ შესაძლოა -70 გრადუსს მიაღწიოს.
აშშ-ის ოფიციალური უწყებების წარმომადგენლები მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.
უამინდობა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ დღეს დაემთხვა, რის გამოც ამომრჩევლის აქტივობა შემცირებულია. ოფიციალური უწყებების გაფრთხილების მიუხედავად, კანდიდატები მხარდამჭერებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებენ. "თქვენ არ შეგიძლიათ სახლში დარჩენა, აუცილებლად უნდა დააფიქსიროთ თქვენი აზრი, მაშინაც თუკი ავად ხართ, ხმა უნდა მისცეთ სასურველ კანდიდატს, თქვენი ქვეყნის მომავლისთვის", - ამ სიტყვებით მიმართა ამომრჩეველს ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
უამინდობის გამო, ამერიკის შეერთებულ შტატებში შეჩერებულია სწავლის პროცესი, გაუქმებულია ფრენები, გართულებულია გადაადგილება გზებზე. მოსახლეობა ამბობს, რომ ამ დროისთვის, ჯერ კიდევ არ აქვთ უსაფრთხოების გარანტიები.
ავტორი: ნინი ნიკოლეიშვილი