პუტინის დაზვერვა უკრაინის ცაში დაბრმავდა - ისტორიაში პირველად, რუსეთის არმიამ შორეული რადიო ლოკაციური აღმოჩენისა და მართვის А-50 ტიპის თვითმფრინავი დაკარგა.
"ილ 76"-ის ბაზაზე შექმნილი საჰაერო სამეთაურო პუნქტი უკრაინელებმა ზაპოროჟიეს თავზე ჩამოაგდეს.
"ა-50"-ის განადგურება საოკუპაციო ძალისთვის სრული მოულოდნელობა იყო. არაერთი მცდელობის მიუხედავად, დღემდე, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ, თვითფრინავს, რომელსაც ასეულობით კილომეტრ მანძილზე ყველაფრის დაზვერვა შეუძლია, რაკეტები ვერ მიაწვდინა.
სამხედრო ანალიტიკოსები ირწმუნებიან, რომ კიევმა ეს ამერიკული "პეტრიოტის" სისტემის საშუალებით შეძლო.
საოკუპაციო ძალას, სხვადასხვა მონაცემებით, სულ 9 ერთეული "ა-50" ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავი ჰყავდა. ერთი გუშინ ჩამოაგდეს, მანამდე კი კიდევ ერთი მზვერავი უკრაინულმა დივერსიულმა ჯგუფმა ბელარუსის სამხედრო აეროდრომზე დრონით დააზიანა.
ერთი "ა-50"-ის ღირებულება 350 მილიონი დოლარიდან, მოდიფიკაციის მიხედვით, 500 მილიონამდე აღწევს. მზვერავ თვითმფრინავთან ერთად, უკრაინელმა მეზენიტეებმა საჰაერო შტაბად წოდებული "ილ-22"-იც დააზიანეს, რომელმაც აეროდრომამდე მიღწევა შეძლო.
უკრაინის ცაზე რუსული არმიის თვალებისა და ყურების ჩამოგდებას უკვე უწოდეს უკრაინის კარგად დაგეგმილი წარმატებულია ოპერაცია.
ისტორიაში პირველად, უკრაინამ რუსეთის საჰაერო ძალების დიდი ზომის სადაზვერვო თვითმფრინავი A-50 ჩამოაგდო. მედიის ინფორმაციით, ეს არ იყო ერთადერთი - უკრაინელმა სამხედროებმა აზოვის ზღვის თავზე მეორე რუსული სამხედრო თვითმფრინავი, "ილ 22-ც" ამოიღეს მიზანში და რაკეტა მასაც მოარტყეს. მოიერიშე ხომალდი ანაპის აეროდრომზე ავარიულად დაეშვა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ინფორმაციით, განადგურებულია მოწინააღმდეგის "ილ-22-ის" მართვის საჰაერო პუნქტიც. ვალერი ზალუჟნის მიერ გავრცელებული ცნობები კრემლმა უარყო.
ფრონტის ხაზზე კი ვითარება ისევ უკიდურესად მძიმეა. გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინულ და რუსულ ძალებს შორის 94 შეტაკება მოხდა. უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთი შეტევას განსაკუთრებით ინტენსიურად სევერსკისა და სლობოჟანსკის მიმართულებით განაგრძობს.
უკრაინელი სამხედროები, ბრძოლის პარალელურად, ფრონტის ყველაზე ცხელი წერტილებიდან გადარჩენილი მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციას ახორციელებენ. ხარკოვში 26 სოფლიდან ხალხის გაყვანა უკვე დაიწყო, დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკადან კი გადარჩენილი 5 მოხუცის ევაკუაცია მოხერხდა.
დონეცკის ოლქის იმ დასახლებებში, რომლის დაკავებასაც რუსეთი ცდილობს, ვითარება უკიდურესად მძიმეა. ქალაქ კუხაროვს ოკუპანტები "ს-300" ტიპის რაკეტებით დაესხნენ თავს. დაშავდა 3 ადამიანი. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები კი ამ დრომდე გრძელდება. მრავალსართულიანი კორპუსების ნანგრევებში 5 ადამიანი რჩება. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებიც. დღის მეორე ნახევარში კი შეტევის სამიზნე ხერსონი გახდა, სადაც სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა.
რამდენი მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა რუსეთ-უკრაინის ომს, მონაცემები ოფიციალური კიევის მხრიდან არ ვრცელდება. გაერო კი საგანგაშო სტატისტიკას აქვეყნებს. ორგანიზაციის ცნობით, უკრაინაში მხოლოდ ერთ თვეში სულ მცირე, 592 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ან დაიჭრა.