25 ნოემბერი 2024,   19:02
ვრცლად
საქართველოს აეროპორტები 2023 წელს რეკორდულად დიდი რაოდენობის მგზავრებს მოემსახურა

საქართველოს აეროპორტები 2023 წელს რეკორდულად დიდი რაოდენობის მგზავრებს მოემსახურნენ. 6 013 995 - ასეთია მგზავრთნაკადის მაჩვენებელი ციფრებში, რომელიც გასული წლის ნიშნულს 35%-ით აღემატება. მონაცემები 15%-ით უსწრებს 2019 წლის, ანუ პანდემიამდე არსებულ ყველაზე მაღალ მონაცემსაც. საქართველოს აეროპორტების მაღალ სტანდარტებზე ტურისტებიც ღიად საუბრობენ. მათი თქმით, ფრენების გარდა მოწესრიგებული შიდა ტრანსპორტირების სისტემა ვიზიტორებისთვის მიმზიდველი და მომგებიანია.

მგზავრთა გაზრდილ ნაკადს სწორ საკომუნიკაციო პოლიტიკას უკავშირებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, საქართველო აქტიურად მუშაობს სხვადასხვა ავიაკომპანიებთან ახალი მიმართულებით ფრენების დასამატებლად, რაც სამომავლოდ ვიზიტორების რაოდენობას უფრო გაზრდის.

სამომავლო პროგნოზები ოპტიმისტური აქვთ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და აეროპორტების გაერთიანებაში. მათი თქმით, გასულ წელს, განსაკუთრებით მაღალი ზრდა მგზავრთა გადაყვანის კუთხით ქუთაისის აეროპორტს ჰქონდა, რაც ევროპისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების მიმართულებით დამატებული ფრენებით არის განპირობებული.

მგზავრთა ნაკადის გარდა, აეროპორტების განვითარებას ტურისტული მიმზიდველობისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნევენ ტურიზმის ადმინისტრაციაში. უწყებაში ამბობენ, რომ ახალი მიმართულებების დამატებით ქვეყანა ახალ პოტენციალს იძენს.

მგზავრთა ნაკადის სტატისტიკურ მონაცემებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ყოველწლიურად აქვეყნებს. 2023 წელი საქართველოსთვის, ამ კუთხით, რეკორდულად მაღალი მაჩვენებლით დასრულდა.

დღის ამბები