25 ნოემბერი 2024,   18:47
ვრცლად
საქართველოს საგარეო ვაჭრობა გასულ წელთან შედარებით 12%-ით არის გაზრდილი - რიცხვებში ეს 21 მილიარდ დოლარს აჭარბებს

საქონლით საგარეო ვაჭრობის ბრუნვა, 2023 წელს, გასულ წელთან შედარებით 12.5 პროცენტით გაიზარდა და ჯამში 21 მილიარდ 529 მილიონი დოლარი შეადგინა. სტატისტიკის სამსახურმა გასული წლის პირველადი მონაცემები დღეს გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ექსპორტი 6 მილიარდზე მეტით, იმპორტი კი დაახლოებით 15.5 მილიარდით გაუმჯობესდა. საქსტატში განმარტავენ, რომ ბრუნვის რეკორდული პროგრესი ავტომობილების რეექსპორტის, ფეროშენადნობი მეტალებისა და ღვინის ბიზნესზე მოდის.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განახლებულ მონაცემებს ლევან დავითაშვილი გამოეხმაურა. ეკონომიკის მინისტრი მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე, საგარეო ვაჭრობის ზრდას სტაბილურ გარემოს და სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებს.

ექსპორტის სარეკორდო ზრდის მაჩვენებელზე ისაუბრეს ფინანსთა სამინისტროშიც. უწყებაში განმარტეს, რომ 3 წელია სტატისტიკური მონაცემები ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს, რაც ქვეყანაში ეკონომიკური ზრდისა და უმუშევრობის დონის შემცირებითაც დასტურდება. პოზიტიურია პროგნოზები 2024 წელთან დაკავშირებითაც.

ექსპორტ-იმპორტის თითქმის 22 მილიარდამდე ზრდას ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ შესაძლებლობებსა და ამ ფონზე გაზრდილ მოთხოვნას უკავშირებენ ეკონომისტები. ანალიტიკოსების აზრით, საგარეო ვაჭრობის ბრუნვის რეკორდული პროგრესი ადასტურებს, რომ მოქალაქეების შემოსავალი და სამუშაო ადგილები გაზრდილია. პროცესის შენარჩუნებას სპეციალისტები სტაბილურ პოლიტიკურ გარემოს უკავშირებენ.

საქონლით საგარეო ვაჭრობის ბრუნვის საბოლოო მონაცემებს, სტატისტიკის ეროვნული სამსახური 22 იანვარს გამოაქვეყნებს.

დღის ამბები