25 ნოემბერი 2024,   19:01
ვრცლად
ვინ არის ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, რომელიც 6 ქართველთან ერთად საბერძნეთში დააკავეს - პროკურორი, ეპისკოპოსი, ქალაქის მერი, ასეთია ქართველი კრიმინალების მიერ გაძარცვულთა სია

საბერძნეთში მასობრივი ძარცვის ბრალდებით საქართველოს 7 მოქალაქე სპეცოპერაციის დროს აიყვანეს. "კურიერის" ინფორმაციით, ათენში და მის მიმდებარე ქალაქებში ძარცვის სქემას ე.წ. კანონიერი ქურდი, 41 წლის ირაკლი ხოხიაშვილი, იგივე ირაკლი "ქუთაისკი" ხელმძღვანელობდა. გამოძიება არ აკონკრეტებს, თუმცა "რუსთავი 2"-მა ექსკლუზიურად გაარკვია საქმის ყველა ფიგურანტის ვინაობა. ე.წ. კანონიერ ქურდთან ერთად დაკავებულები არიან მისი გარემოცვის წევრები. ყველა მათგანი საბერძნეთში რამდენიმე წლის წინ წავიდა და წარსულში სამართლებრივი პრობლემების გამო, მათ უმრავლესობას პერსონალური მონაცემები შეცვლილი აქვს.

"კურიერი" დღეს დაკავებულების რეგისტრაციის მისამართებზეც იმყოფებოდა. ახლობლები საქმის დეტალებზე არ საუბრობენ. ამბობენ, რომ საბერძნეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

საბერძნეთში ავსტრალიის მთავარეპისკოპოსი ერთ-ერთია, ვინც ქართველი მძარცველების სამიზნე გახდა. მაღალი იერარქიის სასულიერო პირთან ერთად მრავალტომიან საქმეში დაზარალებულის სტატუსით ფიგურირებს ბერძენი პროკურორიც, რომლის სახლიდან ფული და ოქროს სამკაულები წაიღეს.

საქართველოს მოქალაქეების დაკავებას აქტიურად აშუქებს ბერძნული მედია. პრესა წერს, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დედაქალაქში და მის მიმდებარედ გაძარცვეს ათობით სახლი, გაიტაცეს დიდი ოდენობით ფული, ძვირფასეულობა და ანტიკვარული ნივთები.

გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხის ლეგალიზება ფიქტიურად შექმნილი კომპანიის მეშვეობით ხდებოდა. რეალურად კი ნაძარცვით ე.წ. შავი სალარო ივსებოდა, რომელსაც ერთპიროვნულად ე.წ. კანონიერი ქურდი აკონტროლებდა.

ათენის გარდა, საქართველოს მოქალაქეებს უკავშირდება 60-მდე ძარცვა კუნძულ კრეტაზეც. გამოძიების ინფორმაციით, დაზარალებულთა შორის არიან ქალაქ ჰერაკლიონის მერი და ვიცე-მერი.

ბრალდებულებმა ადგილობრივი მაღალჩინოსნების სახლებში ჯერ უსაფრთხოების სისტემა გატეხეს, შემდეგ ფული და ძვირფასი ნივთები მოიპარეს. პოლიციის ინფორმაციით, კიდევ ერთი გაძარცვული სახლიდან ქართველებმა 72 ოქროს მონეტა და 25 000 ევრო გაიტაცეს. საქმის მასალებში წერია, რომ ქართველი დამნაშევები ყველაზე თანამედროვე უსაფრთხოების სისტემების გათიშვასაც კი ახერხებენ. საპოლიციო ღონისძიების დროს ამოღებულია ნაძარცვი ნივთები, დიდი ოდენობით თანხა, ავტომობილები, ცეცხლსასროლი იარაღები და ნარკოტიკები. საბერძნეთის სხვადასხვა ქალაქებში საპოლიციო ღონისძიებები ამ დროისთვისაც გრძელდება.

დღის ამბები