25 ნოემბერი 2024,   20:32
ვრცლად
მნიშვნელოვანი ვიზიტია, რომელსაც ძალიან დიდი როლი აქვს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში - ირაკლი ჩიქოვანი ჩინეთში ვიზიტზე

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მნიშვნელოვანი ვიზიტი დაიწყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. ამ ვიზიტის ფარგლებში, ჩვენ გვექნება შეხვედრები მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან უმაღლეს დონეზე და ასევე - აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან“, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.

ირაკლი ჩიქოვანის თქმითვე, ვიზიტი კიდევ უფრო გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობას. 

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია, რომელსაც ძალიან დიდი როლი აქვს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს ორ ქვეყანას შორის უკვე გაკეთებული არის განცხადება სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ, ეს ვიზიტიც ამის ხელშემწყობი ღონისძიება გახლავთ. მეორე მხრივ, საქართველო ძალიან დიდ როლს ანიჭებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის და ე.წ. შუა კორიდორის განვითარებას, რომელშიც ჩინეთს აქვს უზარმაზარი როლი. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ვიზიტი წარმატებით ჩაივლის და იქნება კიდევ ერთი ხელშემწყობი გადადგმული ნაბიჯი,“ - აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მმართველი პარტიის დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება. ქალაქ პეკინში „ქართული ოცნების“ ლიდერებმა მაღალი დონის რამდენიმე შეხვედრა უკვე გამართეს. შეხვედრები გაიმართა ჩინეთის მმართველი პარტიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან და ასევე - მის მოადგილესთან. ერთკვირიანი ვიზიტი 20 იანვრამდე გაგრძელდება.

ჩინეთი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან. ჯერ კიდევ გასული 2023 წლის ზაფხულში მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფებოდა, ორმა ქვეყანამ სტრატეგიული პარტნიორობის გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალურად განაცხადა. სტრატეგიული პარტნიორობა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობასა და ამ მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავებას ითვალისწინებს. საუბარია, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ხალხთა შორის კულტურულ და საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

 

დღის ამბები