საახალწლო განწყობა ისევ მთელ საქართველოში იგრძნობა. დღეს, ძველით ახალი წელი, ანუ, გურულად რომ ვთქვათ, კალანდობაა. ჩვენს ქვეყანაში საახალწლო ტრადიციებს დიდი ხნის ისტორია აქვს.
დიდი ისტორია აქვს საახალწლო დეკორაციებსაც, რომელიც თბილისში, რუსთაველის 17 ნომერში ინახება - აქ, მართალია, ჭამა-სმის მუზეუმია, თუმცა ამ სივრცეში ნახავთ უძველეს საახალწლო სათამაშოებსაც, რომელთა ფასი არა ხარისხით, არამედ იშვიათობით განისაზღვრება.
გადარჩენილ ნივთებს უკვე 10 წელია აგროვებს, ძველმანების ბაზრობაზე ყველას იცნობს და ყველა კუთხე ზეპირად იცის. ეძებს იმას, რაც გასტრონომიასთანაა დაკავშირებული, ძიების პროცესი კი ნადირობას ჰგავს, შინ ხან ახალი ნივთით ბრუნდება, ხან კი - ხელცარიელი.
გიორგი იოსავას ჭამა-სმის მუზეუმის შექმნა კულინარიის სიყვარულმა გადააწყვეტინა. ჩანგლები, დანები, თეფშები, ღვინის სახსნელები თუ ხელსახოცები... ყველა ნივთს თავისი ისტორია აქვს.
შემგროვებელი შეფიცაა და გასტრონომიული ნივთების სიყვარულიც აქედან დაიწყო. ახლა საშობაო ღვეზელს ამზადებს, რომელიც მისივე რესტორნის საახალწლო მენიუს განუყოფელი ნაწილია.
საახალწლო განწყობა ჭამა-სმის მუზეუმშიც იგრძნობა. აქ ანტიკვარული სათამაშოებიც ინახება - ნივთები, რომლებიც საქართველოს არცთუ ისე შორეულ ისტორიას გვახსენებენ.
ქართულ სამზარეულოზე შეყვარებული კოლექციონერი სამომავლოდ ჭამა - სმის მუზეუმის გაფართოებას აპირებს. ამისთვის კი, კიდევ ბევრი ექსპონატის შეგროვება სჭირდება.
ავტორი: ნანა გოგატაძე