ჩრდილოეთ ტანზანიაში, სიმიუს ოლქში, ოქროს მომპოვებელ შახტში მომხდარ ნგრევას 22 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 24-დან 38 წლამდე ადამიანების ჯგუფმა შახტში მოპოვებითი სამუშაოების წარმოება თვითნებურად, ძლიერი წვიმის გამო დაწესებული შეზღუდვის მიუხედავად გადაწყვიტა.
„თავდაპირველად გვითხრეს, რომ 19-დან 20-მდე ადამიანი იყო ჩარჩენილი, მაგრამ, სამწუხაროდ, 22 ცხედარი ამოვასვენეთ“, - აცხადებს ოლქის ხელმძღვანელი სიმონ სიმალენგა.
მისივე თქმით, ადამიანთა აღნიშნულმა ჯგუფმა სამი კვირის წინ იპოვა წიაღისეულით მდიდარი ტერიტორია და სამთო სამუშაოები იქამდე დაიწყო, ვიდრე მთავრობა ნებართვას გასცემდა.
ტანზანია ოქროს მეოთხე უმსხვილესი მწარმოებელია აფრიკაში - სამხრეთ აფრიკის, განასა და მალის შემდეგ.