მატრონა დარჩება, სტალინი წაიშლება. ხატიც დარჩება, ოღონდ გადაიწერება. "პატრიოტთა ალიანსი" შესწორებას სამების საკათედრო ტაძარშივე გააკეთებს. უკვე რამდენიმე დღეა არ წყდება აჟიოტაჟი მატრონა მოსკოველის ხატზე, რომელიც საქართველოში კანონის გამკაცრების მიზეზიც ხდება.
რელიგიურ ნივთზე საღებავის შესხმას ეკლესია ვანდალურ აქტს უწოდებს და პრეტენზიები დიპლომატიურ კორპუსთანაც აქვს. საპატრიარქოს სპიკერი დარწმუნებულია, რომ სხვა კონფესიების შემთხვევაში საელჩოები და საერთაშორისო ორგანიზაციები განგაშს ატეხავდნენ.
ცვლილებებს, რომელსაც სახელისუფლებო გუნდი, სავარაუდოდ, საგაზაფხულო სესიაზე დააინიცირებს, საპატრიარქოს მხარდაჭერა უკვე აქვს. ანდრია ჯაღმაიძე ფიქრობს, რომ ახლა კანონის გამკაცრება აუცილებელია. ვანდალურ ფაქტს კი, რომელიც რამდენიმე დღის წინ სამების საკათედრო ტაძარში მოხდა, საპატრიარქო მართლმადიდებლური ეკლესიის დისკრედიტაციის მიზანმიმართულ მცდელობას უწოდებს.
ცვლილებების მიხედვით, რელიგიური ნივთებისა და ნაგებობების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი გახდება. ამ ეტაპზე, სახელისუფლებო გუნდი საერთაშორისო პრაქტიკას სწავლობს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ცვლილების მიზანი რელიგიურ ნიადაგზე ნებისმიერი კონფლიქტის პრევენციაა.
საკანონმდებლო ცვლილებებზე განსხვავებული პოზიცია აქვს ოპოზიციას. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება - არ დაუჭიროს ინიციატივას მხარი, თუმცა, ნაწილი ჯერ კიდევ ფიქრობს. ეს ჯგუფი საბოლოო პოზიციას ცვლილებების დაინიცირების შემდეგ გამოთქვამს.
სახელისუფლებო გუნდში დღეს კიდევ ერთხელ თქვეს, რომ ის ქცევა, რასაც სამების საკათედრო ტაძარში ადგილი ჰქონდა, წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია იყო. მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ახლა კანონის გამკაცრება, ნებისმიერი კონფესიის უფლებებს კიდევ უფრო დაცულს გახდის.
საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველი, სამების ტაძარში მატრონა მოსკოველის ხატისთვის საღებავის შესხმა გახდა. ხატის ერთ-ერთ ფრაგმენტზე სტალინია გამოსახული. ხატი სამების საკათედრო ტაძარს "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა შესწირეს, სწორედ მათ მოსთხოვა საპატრიარქომ ხატში ცვლილებების შეტანა. როგორც ირმა ინაშვილი ამბობს, კორექტირება მოხდება, თუმცა ხატი ტაძარში დარჩება.
საკუთარ პასუხისმგებლობაზე საუბრობს სოციალურ ქსელში არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი, რომელიც წერს, რომ როგორც სამების საკათედრო ტაძრის კეთილ-მოწესეს, ხატის დაბრძანება საპატრიარქოსთვის უნდა ეცნობებინა. ამ პოზიციას საპატრიარქო ჯერ არ გამოხმაურებია. ანდრია ჯაღმაიძემ თქვა ის, რომ ყველა განცხადება პატრიარქთან თანხმდება.
სოციალურ ქსელში ვიდეო, რომელშიც ჩანდა, რომ მატრონა მოსკოველის ხატს ლურჯი საღებავი შეასხეს, 9 იანვარს გავრცელდა. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.