27 წლის ქეთევან ედიბერიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულს, წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლე კლინიკაში დღის პირველ საათზე მივიდა და სხდომა სასამართლო დარბაზის ნაცვლად ბრალდებულის პალატაში ჩაატარა.
გიორგი კავლელაშვილის მიმართ საპატიმრო ღონისძიებაზე მსჯელობა ერთ საათს გაგრძელდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას 30 წლის მამაკაციც დაესწრო, თუმცა 9 იანვარს მომხდარზე არაფერი უთქვამს.
პალატიდან გამოსვლის შემდეგ, მოსამართლემ გადაწყვეტილება დაასაბუთა და იმ საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება, რომლის მიხედვითაც, ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.
ბრალდებულმა დღეს გაიგო, რომ მისი მეუღლე მის მიერ დანით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა. კავლელაშვილს ეგონა, რომ ქალი მხოლოდ დაჭრილი იყო. სასამართლო პროცესის დაწყებამდე შეიტყო, რომ გამოძიება მას ქეთევან ედიბერიძის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას ედავება. ექიმის რეკომენდაციით, 30 წლის მამაკაცს დღეს პოლიციისთვის ჩვენებაც უნდა მიეცა, თუმცა "კურიერის" ინფორმაციით, ამ დრომდე ის გამოკითხვაში მონაწილეობას ვერ იღებს.
სავარაუდოდ, ბრალდებულის გამოკითხვის შემდეგ გახდება ცნობილი, დანაშაულის მოტივიც. გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. გაგრძელდება დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებაც.
ექსპერტიზაზე უკვე გადაიგზავნა ნიმუშები, რომლებიც ექსპერტ-კრიმინალისტებმა დღეს ბრალდებული კავლელაშვილისგან აიღეს. პალატაში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებს დაკავებულის ადვოკატიც დაესწრო.
პროკურატურის ინფორმაციით, საქმეში უკვე დევს გამოკითხვის ოქმები და ნივთმტკიცებები. უახლოეს მომავალში ცნობილი იქნება ფსიქიატრიული და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაც.
9 იანვარს გამთენიისასა, ვარკეთილში 27 წლის ქალი სასიკვდილოდ მაშინ დაჭრეს, როდესაც მას თვეების შვილთან ერთად ეძინა. მრავლობითი ჭრილობებით ახალგაზრდა ქალი, საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაული მისმა მეუღლემ, გიორგი კავლელაშვილმა ჩაიდინა და რამდენიმე წუთში გულ-მკერდის არეში დაზიანებები თავადაც მიიყენა. ის ამ დრომდე კლინიკაში, ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.