25 ნოემბერი 2024,   18:42
ვრცლად
მატრონა მოსკოველის ხატი, რომელზეც აჟიოტაჟი არ წყდება, კანონის შეცვლის მიზეზი ხდება - რელიგიური ნივთების შეურაცხყოფა დასჯადი გახდება

კანონი, რომლის მიხედვითაც რელიგიური ნაგებობისა და ნივთების შეურაცხყოფა დასჯადი გახდება, პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზე დარეგისტრირდება. მმართველი პარტიის საკანონმდებლო ინიციატივის მოტივი, სამების საკათედრო ტაძარში მომხდარი ვანდალური ფაქტი გახდა. ტაძარში დასვენებულ წმინდა მატრონას ხატს, ორი დღის წინ საღებავი შეასხეს. კანონმდებლების თქმით, ახალი ნორმის მიზანი, რელიგიურ ნიადაგზე სავარაუდო კონფლიქტების პრევენციაა. ცვლილებების მომზადების დროს, საპარლამენტო უმრავლესობა ევროპული პრაქტიკის გამოყენებას გეგმავს.

"ქართული ოცნების" საკანონმდებლო ინიციატივას ოპოზიციის დიდი ნაწილის მხარდაჭერა, სავარაუდოდ, არ ექნება. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, კერძო პირის მიერ ჩადენილი ვანდალური აქტი, კანონის შეცვლის წინაპირობა არ უნდა იყოს.

მხარდაჭერის შესახებ გადაწყვეტილებას, ოპოზიციის მეორე ნაწილი კანონპროექტის დარეგისტრირების შემდეგ მიიღებს. მათი თქმით, რელიგიური ნივთების დაზიანება მიუღებელია, თუმცა შესაძლოა კანონის ნებისმიერმა გაუთვლელმა ნიუანსმა, ამ კუთხით, უკუეფექტი გამოიწვიოს.

ოპონენტების ნეგატიური დამოკიდებულება საპარლამენტო უმრავლესობაში არ გაჰკვირვებიათ. სახელისუფლებო გუნდში მიიჩნევენ, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტი ოპოზიციის მორიგი ლუსტრაცია იქნება. კანონმდებლების თქმით, ცვლილება და კანონის გამკაცრება, ნებისმიერი კონფესიის უფლებებს კიდევ უფრო დაცულს გახდის.

საკანონმდებლო ცვლილებების მოტივი მატრონა მოსკოველის ხატისთვის საღებავის შესხმა გახდა. ხატზე, რომელიც სამებაშია განთავსებული, ერთ-ერთ ფრაგმენტს სტალინის გამოსახულება იკავებს. სწორედ საბჭოთა დიქტატორის წაშლა მოსთხოვა ხატის შემომწირველ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებს დღეს საქართველოს საპატრიარქომაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამოციქულო ეკლესიამ მისი კორექტირების უფლება თავად დაიტოვა.

რელიგიური ნაგებობისა და ნივთის დაზიანების შესახებ კანონპროექტს, მმართველი გუნდი საგაზაფხულო სესიაზე მიიღებს. კანონის მიხედვით, მომავალში, მსგავსი სახის ვანდალიზმი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით დაისჯება.

დღის ამბები