25 ნოემბერი 2024,   18:39
ვრცლად
გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს - ექსპრემიერი ასევე ყოფილ პრემიერს სთავაზობს, პოლიტიკურ საკითხებზე საჯაროდ ისაუბრონ

გიორგი გახარია დებატებში ბიძინა ივანიშვილს იწვევს. ყოფილი პრემიერი ასევე ექსპრემიერს სთავაზობს, პოლიტიკურ საკითხებზე საჯაროდ ისაუბრონ. მათ შორის იმაზეც, რატომ გადადგა თავის დროზე გახარია მთავრობის მეთაურის პოსტიდან.

გახარიას შეთავაზებას "ოცნების" ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილის გამოსვლაში გაკეთებულ განცხადებას უკავშირებს მმართველი გუნდი, სადაც პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, მისი გუნდის ყოფილ პრემიერს მოღალატე უწოდა. სწორედ ღალატის შედეგად დაზიანებული რეპუტაციის გამოსწორების მცდელობას უწოდებს გახარაის დღევანდელ განაცხადს მმართველი გუნდი. 

იყო თუ არა გუნდის ღალატი ნიკა მელიას დაკავების ღონისძიების გამო პრემიერის პოსტიდან წასვლა მაშინ - გახარიას პარტიის წევრებმა კითხვა დღეს უპასუხოდ დატოვეს. თქვეს მხოლოდ ის, რომ ბრალდებების ნაცვლად ამ საკითხზე დისკუსია საჯარო დებატებში უნდა გაიმართოს.

გიორგი გახარიას სამი წლის წინ მიღებული გადაწყვეტილების რეალური მიზეზი დღესაც გაუგებარია ოპოზიციისთვის, სადაც კითხვები ექსპრემიერის სხვა ქმედებებთან დაკავშირებითაც აქვთ. ასეთია "ნაციონალური მოძრაობაც", რომელიც თავის დროზე გახარიას გადადგომას დასაფასებელს უწოდებდა, დღეს კი მელიას დაკავებასთან ამ გადაწყვეტილებას ვერ აკავშირებს, მიუხედავად იმისა, რომ 2021 წელს გადადგომის მიზეზად ეს საკითხი თავად გახარიამ დაასახელა.

"ქართული ოცნებისთვის" გახარიას თანამდებობიდან წასვლა მხოლოდ ღალატით იხსნება. უმრავლესობის განცხადებით, პრემიერს, რომელიც თავის დროზე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გამო გადადგა, ბიძინა ივანიშვილისთვის სათქმელი არაფერი აქვს. მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ გახარია ახლა მხოლოდ პოლიტიკურ თვითაქტუალიზაციას ცდილობს.

გიორგი გახარიამ ბიძინა ივანიშვილს დებატები საკუთარი პარტიის პოლიტსაბჭოს წლის ბოლო სხდომაზე შესთავაზა. ვიდეომიმართვა თავად პარტიამ "საქართველოსთვის" გაავრცელა.

დღის ამბები