25 ნოემბერი 2024,   19:03
ვრცლად
მოცემულობაში, როდესაც "გირჩიც" რელიგიაა, ეს ინიციატივა საფრთხეებს ზრდის - თეონა აქუბარდია

"ქართული ოცნების" ახალ ინიციატივას, რომელიც რელიგიური ნივთების შეურაცხყოფისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღებას გულისხმობს, ოპოზიციის დიდი ნაწილის მხარდაჭერა არ ექნება.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრი თეონა აქუბარდია მიიჩნევს, რომ ამ ინიციატივის განხორციელება გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული.

"რელიგიური გრძნობების შელახვას არაერთი მძიმე ფაქტი უკავშირდება, მათ შორის, არამარტო საქართველოში, არამედ ევროპულ ქვეყნებში. მაგრამ მოცემულობაში, როდესაც ჩვენ არ გვაქვს კანონი რელიგიების შესახებ და "გირჩიც" რელიგიაა, ისევე, როგორც სხვა არარელიგიური ორგანიზაციებიც რელიგიად არის, ამ მოცემულობაში, რა თქმა უნდა, საფრთხეებს ზრდის ინიციატივა და მე ვისურვებდი, კანონპროექტი, რომელიც ჯერ თვალით არ მინახავს, იყოს გავლილი მათ შორის, რელიგიის მცოდნეებთან, თეოლოგებთან," - აცხადებს თეონა აქუბარდია.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფ ”ევროოპტიმისტების” წევრი ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ ეს ინიციატივა ხელისუფლების პოპულისტური პოლიტიკის შედეგია.

"ეს არის მხოლოდ თვალთმაქცობა - სისხლის სამართლებრივი სანქცია საკუთრების დაზიანებაზე ისედაც არსებობს და ამ ახალი სანქციების შემოტანა "ქართული ოცნების" მხრიდან არის იმ ძალიან მძიმე, არასამართლიანი პოპულისტური პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც, ძირითადად, ეხმაურება ძალადობრივ ჯგუფებს," - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

შეგახსენებთ, რომ ინიციატივის შესახებ, რომელიც რელიგიური ნივთების შეურაცხყოფისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღებას გულისხმობს, ბრიფინგი პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა გუშინ გამართა და სამებაში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა. საქმე ეხება წმინდა მატრონა მოსკოველის ხატზე საღებავის შესხმას. ამავე ხატის ერთ-ერთ ფრაგმენტზე გამოსახულია საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინი.

დღის ამბები