პოლონეთის პრეზიდენტის სასახლეში გუშინ დაკავებულმა შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა შიმშილობა დაიწყო. მარიუშ კამინსკი თავის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. ის პოლიციამ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის დააკავა.
კამინსკის და მასთან ერთად დაკავებულ ყოფილ სახელმწიფო მდივანს, მაჩეი ვასიკს, მხარდაჭერა გამოუცხადა თანაპარტიელმა პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ - მან მოქალაქეებს მოუწოდა, მშვიდობიანად წარმართონ საპროტესტო აქცია, თუკი ასეთი აქციის ჩატარების სურვილი ექნებათ.
"ღრმად ვარ შეძრული ამ სიტუაციით, ფაქტით, რომ ყოფილი მინისტრები ციხეში მოათავსეს, პრეზიდენტის შეწყალების მიუხედავად და რომ ეს გაკეთდა ასეთი გულმოდგინებით და სისასტიკით. მინდა, ერთ რამეში დაგარწმუნოთ, არ შევწყვეტ ბრძოლას პოლონეთის სამართლიანი სახელმწიფოსთვის. არ გავჩერდები, ვიდრე მარიუშ კამინსკი და მისი თანამოაზრეები არ გათავისუფლდებიან. არ შემეშინდება. ვიმოქმედებ სამართლიანად, კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად. ეს საქმე სადავო იყო თავიდანვე და საზოგადოების უმრავლესობისთვის ეჭვგარეშეა, რომ ეს პოლიტიკური საქმეა," - აცხადებს ანდჟეი დუდა.