25 ნოემბერი 2024,   18:31
ვრცლად
ვინ და როგორ აპირებს საპარლამენტო მანდატებისთვის ბრძოლას - ცესკო არჩევნებში მონაწილეობისთვის წესებს აქვეყნებს

საპარლამენტო არჩევნებამდე 9 თვით ადრე, ცესკო პარტიებს სარეგისტრაციო პროცედურებსა და ვადებს ახსენებს. არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, მსურველებმა ცესკოს თავმჯდომარეს არჩევნების დანიშვნის შემდეგ, კენჭისყრამდე არაუგვიანეს 57-ე დღისა უნდა მიმართონ. თუმცა, პარტიები რეგისტრაციას ჯერ არ ჩქარობენ. მათი უმრავლესობა საარჩევნო გეგმებსა და კონფიგურაციაზე ჩამოყალიბებული არ არის, თუმცა ოპოზიციის სტრატეგია უცვლელია - ოპტიმისტური განწყობის შენარჩუნება, ეს იმ ფონზე, როდესაც, საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევების მიხედვით, 5%-იან ბარიერს მხოლოდ მმართველი პარტია ლახავს.

ოპონენტების შემართება მმართველ გუნდს არ უკვირს, თუმცა აცხადებენ, რომ რეალობა ოპოზიციის მოლოდინებისგან რადიკალურად განსხვავებული იქნება. "ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ არჩევნებში ისევ დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

საარჩევნო ხმების დაცვაზე უკვე წინასწარ ალაპარაკდა ოპოზიციის ნაწილი. ამ მხრივ, სხვა პარტიებთან თანამშრომლობას აპირებს გახარიას გუნდი, თუმცა დარწმუნებულია, რომ ბარიერს დამოუკიდებლადაც გადალახავს. ვისაც 5%-მდე ხმების აღების მოლოდინი აქვს, გაერთიანების აუცილებლობაზე საუბრობს, "გირჩი" კი კოლეგებს ურჩევს, პოლიტიკური მოცემულობა გააანალიზონ და ერთმანეთთან ლოგიკური ალიანსები შეკრან, თუმცა - მათ გარეშე.

ელექტრონული წესით არჩევნების ჩატარება რომ სპეკულაციებისთვის სივრცეს არ ტოვებს - კიდევ ერთხელ შეახსენეს ოპონენტებს მმართველი ძალიდან. "ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ პარტიებისთვის მთავარი ბარიერი არა 5%, არამედ მათ მიმართ საზოგადოების უნდობლობაა. უმრავლესობა უპერსპექტივოდ უყურებს მათი ოპონენტების გაერთიანების შანსებსაც.

საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ელექტრონული წესით და, ისტორიაში პირველად, სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება.

დღის ამბები