სომხური მხარე იმედოვნებს, რომ აზერბაიჯანი გამოიჩენს კონსტრუქციულ მიდგომას და ორი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები და შეხვედრები გაგრძელდება, - ამის შესახებ სომხური მედია წერს.
ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სომხეთს უნდა შეეძლოს აზერბაიჯანის რკინიგზის გამოყენება. არარატ მირზოიანი ხაზს უსვამს რეგიონული ეკონომიკური კომუნიკაციების განბლოკვის მნიშვნელობას.
"საბოლოო ჯამში, მშვიდობა მხოლოდ სროლის არარსებობას არ ნიშნავს. ეს არის ღია საზღვრები, საქონლისა და ხალხის გადაადგილება. ძნელია, "მშვიდობა" უწოდო სიტუაციას, როდესაც სომხეთი რჩება [აზერბაიჯანის] ალყაში. უნდა მოხდეს განბლოკვა, რამდენიმე პრინციპზე დაყრდნობით - ქვეყნების სუვერენიტეტი კომუნიკაციებზე, თანასწორობა და ურთიერთგაგება. თუ აზერბაიჯანს აქვს წვდომა სომხეთის კავშირგაბმულობასა და რკინიგზაზე, მაშინ სომხეთსაც უნდა შეეძლოს აზერბაიჯანის რკინიგზის გამოყენება“, - აღნიშნა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.