პოლონეთში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და ყოფილი სახელმწიფო მდივანი დააკავეს. პოლიციამ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის მსჯავრდებული ორი პოლიტიკოსი პრეზიდენტის სასახლეში აიყვანა.
მედიის ცნობით, ქვეყნის ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარიუშ კამინსკიმ და მისმა ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, მაჩიეი ვასიკმა პრეზიდენტ ანჯეი დუდას სასახლეს შეაფარეს თავი. პოლიტიკოსების დაკავება პრეზიდენტის სასახლის წინ 300-მდე მოქალაქემ გააპროტესტა. იქამდე კი, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა პრეზიდენტი ანჯეი დუდა პოლიტიკოსების დაპატიმრების შეფერხებაში დაადანაშაულა.
კამინსკის და ვასიკის ბრალდება 2007 წლის ქმედებებს უკავშირდება. ანჯეი დუდამ ისინი 2015 წელს შეიწყალა, თუმცა, გასული წლის ივნისში პოლონეთის უზენაესმა სასამართლომ მათი შეწყალების გადაწყვეტილება გააუქმა.