უკრაინამ, "დიდმა შვიდეულმა" და გლობალური სამხრეთის ქვეყნების მცირე ჯგუფმა, უკრაინის მშვიდობის ფორმულასთან დაკავშირებით, საიდუმლო შეხვედრა გამართეს. Bloomberg-ის ინფორმაციით, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველთა შეხვედრა, საუდის არაბეთში, 16 დეკემბერს გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეები მედიასთან, ანონიმურად, ამბობენ, რომ მცირე ფორმატმა საშუალება მისცა, უფრო თავისუფალი და ღია დისკუსია გაემართათ ე.წ. "მშვიდობის ფორმულაზე" და ამ პროცესის წინ წაწევის გეგმებზე.
Bloomberg-ის ცნობით, შეხვედრაზე მნიშვნელოვანი პროგრესი არ იყო მიღწეული. მედიის ინფორმაციით, უკრაინა და "დიდი შვიდეულის" წევრები ეწინააღმდეგებიან "გლობალური სამხრეთის" წარმომადგენელი ქვეყნების მოწოდებებს რუსეთთან პირდაპირ ურთიერთობაზე. აქვე აღნიშნულია, რომ კიევმა და მისმა მოკავშირეებმა "დიდი შვიდეულიდან" კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ სამართლიანმა მშვიდობამ პატივი უნდა სცეს უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და განაცხადეს, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიზნები არ შეცვლილა, ვლადიმერ პუტინს არ გამოუვლენია არსებითი მოლაპარაკებების წარმოების სურვილი და არ იცავს მანამდე მიღწეულ შეთანხმებებს.