25 ნოემბერი 2024,   18:59
ვრცლად
მსოფლიო ფეხბურთის კიდევ ერთ ლეგენდას, ფრანც ბეკენბაუერს ემშვიდობება - მეტსახელად "კაიზერი" 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ორგზის "ოქროს ბურთის" მფლობელი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, რომელიც "კაიზერის" ზედმეტსახელით არის ცნობილი, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლეგენდარული ფრანც ბეკენბაუერი გარდაცვალებას ფეხბურთის ვარსკვლავები გამოეხმაურნენ. მშობლიურმა კლუბმა, "მიუნხენის ბაიერნმა" მას ემოციური წერილი მიუძღვნა.

ბეკენბაუერის კარიერა რამდენიმე ნაწილად იყოფა. მან მწვერვალები, როგორც ფეხბურთელმა, მწვრთნელმა და საფეხბურთო ფუნქციონერმა დაიპყრო. მიუნხენის "ბაიერნის", "ნიუ იორკ კოსმოსის" და "ჰამბურგის" რიგებში ასპარეზობდა; 5-ჯერ მოიგო ბუნდესლიგა, 4-ჯერ გერმანიის თასი, 3-ჯერ ჩემპიონთა თასი, თითოჯერ კი - თასების თასი და საკონტინენტთაშორისო თასი. გერმანიის ნაკრების რიგებში თითოჯერ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

ბეკენბაუერი წარმატებული იყო ინდივიდუალურადაც. ის 1972 და 1976 წლებში საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და "ოქროს ბურთის" მფლობელი გახდა. ბეკენბაუერი მე-20 საუკუნის სიმბოლურ გუნდში საპატიო ადგილს იკავებს.

გერმანელი ფეხბურთელი წარმატებული იყო სამწვრთნელო კარიერაშიც. ის, 1984-1990 წლებში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებს წვრთნიდა, რომელიც 1990 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახადა, 4 წლით ადრე კი, ვიცე-ჩემპიონის ტიტული დაიმსახურა. საკლუბო კარიერაში მან "მარსელი" და "ბაიერნი" გაწვრთნა. ორივე გუნდმა თითოჯერ ქვეყნის ჩემპიონობა იზეიმა, გერმანელებს კი 1996 წელს უეფას თასი მოაგებინა. ბეკენბაუერი, წლების განმავლობაში, მიუნხენის ბაიერნის საპატიო პრეზიდენტი იყო.

ლეგენდარული ფეხბურთელი ზალცბურგში საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს, უკანასკნელ წლებში, ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. პარკინსონის დაავადებასთან ერთად, გადაიტანა ინფარქტი და ურთულესი ოპერაცია გულზე. "კაიზერ ფრანცმა", გარდა უამრავი ტიტულისა, ბევრის აზრით, ზოგადად ეს სპორტის სახეობა შეცვალა. იგი მოიხსენიება ფეხბურთელად, რომელმაც ლიბეროს პოზიცია "მოიგონა."

 

ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი

დღის ამბები