25 ნოემბერი 2024,   19:01
ვრცლად
ტრამპი ხელშეუხებლობას მოითხოვს - ამერიკა სააპელაციო სასამართლოს ვერდიქტის მოლოდინში

ტრამპის სასამართლო - ვაშინგტონის სააპელაციო სასამართლოში, დონალდ ტრამპი ცდილობს, დაარწმუნოს 3 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია, რომ შეწყვიტონ მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე, 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობასთან დაკავშირებით, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ, სპეციალურმა პროკურორმა ჯექ სმიტმა აღძრა. ტრამპი ამბობს, რომ 2021 წლის იანვრის მოვლენების დროს, სისხლის სამართლის დევნისგან პრეზიდენტს იმუნიტეტი იცავდა.

"ისტორიაში ამის პრეცედენტი არ გვაქვს. არცერთი ყოფილი პრეზიდენტი არ გასამართლებულა. უახლოესი მაგალითია, ნიქსონის მიერ თეთრი სახლის დატოვების შემდეგ, პრეზიდენტ ფორდის მიერ მისი შეწყალება," - განაცხადა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორმა, ერიკა ჰაშიმოთომ.

სასამართლოში მოსმენის დაწყებამდე, დონალდ ტრამპის იურისტებმა დოკუმენტი გამოაქვეყნეს, რომელშიც სამართლებრივი დევნის შეწყვეტის არგუმენტები აქვთ აღწერილი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სისხლის სამართლის საქმეში 4 მუხლით წაყენებული ბრალი უკანონო და არაკონსტიტუციურია, რადგან პრეზიდენტის გასამართლება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ხდება.

"ჩვენი ხელისუფლების სტრუქტურა, კონსტიტუციის ტექსტი, იმუნიტეტის საყოველთაო დოქტრინები, ჩვენი პოლიტიკური ისტორია, უზენაესი სასამართლოს ანალოგიური იმუნიტეტის დოქტრინები და პოლიტიკის მოსაზრებები, რომლებიც ძალაუფლების გადანაწილებაშია ფესვგადგმული, გვკარნახობს, რომ არც მოქმედი და არც ყოფილი პრეზიდენტი შეიძლება გასამართლდეს მისი სამსახურებრივი ქმედებებისთვის, თუკი მისი იმპიჩმენტი არ მომხდარა და სენატის მიერ არ არის გასამართლებული. ბრალდებები პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ უკანონო და არაკონსტიტუციურია და უნდა მოიხსნას," - აღნიშნულია დოკუმენტში.

სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტაზე ზრუნვა ტრამპმა ჯერ კიდევ შარშან დაიწყო და კოლუმბიის ოლქის ფედერალურ სასამართლოს მიმართა. არგუმენტებად მან პრეზიდენტის იმუნიტეტი და ამერიკის კონსტიტუციის პირველი ჩასწორება მოიტანა, სიტყვისა და შეკრების თავისუფლების შესახებ. თუმცა მოსამართლე ტანია ჩუტკანმა სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტაზე უარი თქვა. ტრამპმა გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და ხელიდან არ გაუშვა შანსი, ბაიდენი გაეკრიტიკებინა.

"თუ მე არ მივიღებ იმუნიტეტს, მაშინ უპატიოსნო ჯო ბაიდენიც არ მიიღებს იმუნიტეტს საზღვარზე შემოჭრისა და ავღანეთის ჩაბარების გამო. რომ აღარაფერი ვთქვათ მილიონობით დოლარზე, რომელიც უცხო ქვეყნებიდან მის ჯიბეში წავიდა. ჩემი, როგორც მისი ოპონენტის წინააღმდეგ იუსტიციის დეპარტამენტის შეიარაღებისთვის, ჯომ უზარმაზარი პანდორას ყუთი გახსნა," - აღნიშნა ტრამპმა.

არჩევნებში ჩარევის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე, დიდი პალატის ნაფიც მსაჯულთა კოლეგიის მიერ ტრამპს ბრალი 4 მუხლით აქვს წარდგენილი. მათ შორის არის შეთქმულებები შეერთებული შტატების მოტყუების მიზნით, ოფიციალური პროცესის შესაფერხებლად და უფლებების წინააღმდეგ. პროკურორების თქმით, მაშინაც კი, თუ ტრამპს ოფიციალური ქმედებებისთვის გარკვეული იმუნიტეტი იცავდა, არჩევნების შედეგების გასაუქმებლად შეთქმულება პრეზიდენტის ოფიციალურ პასუხისმგებლობას ბევრად სცილდება.

დღის ამბები