ქეთევან ედიბერიძეს ქმარმა, ცივი იარაღით, სასიკვდილო ჭრილობები მაშინ მიაყენა, როდესაც ქალს 3 თვის შვილთან ერთად ეძინა. რამდენიმე წუთში კი, იმავე დანით, გულ-მკერდის არეში, თვითდაზიანებები თავად მიიყენა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა მძიმედ დაჭრილები სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. ახალგაზრდა ქალის გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. ქეთევან ედიბერიძეს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობები მთელ სხეულზე ჰქონდა. ის ოპერაციისას გარდაიცვალა.
დანაშაული ვარკეთილში, მოხდა. სისხლის კვალი სადარბაზოს მე-9 ე სართულს ახლაც ეტყობა. მეზობლები იხსენებენ, რომ ყვირილი დილის 6 საათზე შემოესმათ, გარეთ გამოსულებს კი კორპუსთან სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები დახვდათ. გავრცელებული ინფორმაციით, სასტიკ დანაშაულს ოჯახის ერთი წევრიც შეესწრო - 30 წლის მამაკაცის მამა.
"კურიერის" ინფორმაციით, სწორედ მან დარეკა 112-შიც. მთავარი მოწმე სამართალდამცველებმა უკვე გამოჰკითხეს. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ ცოლ-ქმარი ბინაში ცოტა ხნის წინ გადავიდა საცხოვრებლად. იქამდე ისინი რაიონში ცხოვრობდნენ. დანაშაულის მოტივს მეზობლები ვერ აკონკრეტებენ, მხოლოდ იმას ამბობენ, რომ 30 წლის მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. მკვლელობამდე მათ წყვილის სახლიდან ჩხუბის ხმა არ გაუგიათ.
27 წლის ქეთევან ედიბერიძის მკვლელობის საქმეზე, საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება. სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან კონკრეტული ნივთმტკიცებებიც ამოიღეს. გამოიკითხნენ მოწმეებიც.დანაშაულის ჩადენის მოტივზე ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.
პოლიცა რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. მუხლი, რომლითაც შინაგანს საქმეთა სამინისტროს მომხდარზე გამოძიება დაიწყო, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.