25 ნოემბერი 2024,   18:49
ვრცლად
ქვეყანაში ჩვეულებრივი სეზონური გრიპი ტრიალებს, პანიკის საფუძველს ვერ ვხედავთ - ჯანდაცვის მინისტრი

ქვეყანაში ჩვეულებრივი სეზონური გრიპი ტრიალებს, პანიკის საფუძველს ვერ ვხედავთ - კლინიკები გადავსებული არ არის და ამ მხრივ არანაირი საშიშროება არ არსებობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განუცხადა.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინები ქვეყანაში ხელმისაწვდომია და მისი გაკეთება ყველა მსურველს შეუძლია.

„გრიპის ვაქცინები ჯერ კიდევ შემოდგომის დასაწყისში შემოვიტანეთ. რამდენიმეკომპონენტიანი ვაქცინები იყო და აქტიურად მოუწოდებდა სამინისტრო, სხვადასხვა კამპანიის მეშვეობით, მოსახლეობას, რომ გაეკეთებინათ შესაბამისი აცრა. დღეს ქვეყანაში ჩვეულებრივი სეზონური გრიპი ტრიალებს. არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში ასეა და, სეზონურად, გარკვეულ პიკურ მაჩვენებელს აღწევს, ვთქვათ, იანვრის ბოლომდე, თუმცა არანაირი განგაშის საფუძველი აქ არაა. ძირითადად, ეს ვირუსი შეიძლება გამოხატული იყოს ბავშვებში, თუმცა არაფერ განსაკუთრებულს და ისეთს, რომ რაიმე პანიკის საფუძველი იყოს, ჩვენ ვერ ვხედავთ,“ - განაცხადა აზარაშვილმა.

დღის ამბები