25 ნოემბერი 2024,   18:25
ვრცლად
ძალაუფლების გადანაწილების დღეს არსებული მოდელი საუკეთესოა და მისი გადახედვა ნამდვილად არ იქნება მიზანშეწონილი - რატი იონათამიშვილი გახარიას გუნდის ინიციატივაზე

დაგვიანებულს უწოდებს ოპოზიციის ნაწილი გახარიას გუნდის ინიციატივას, რომელიც პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წინადადებით გამოდის. პარტია „საქართველოსთვის“ ცვლილებას კონსტიტუციაში ითხოვს.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ პოზიციას იზიარებენ. პარტიების ნაწილი კი გახარიას გუნდს ახსენებს, რომ თავის დროზე საკონსტიტუციო ცვლილებას მათაც დაუჭირეს მხარი, ახლა კი პარტიის მხრიდან ამაზე საუბარი, მათი აზრით, პიარული სვლაა.

„გახარიას პარტია, თავისი არსით, არის „ქართული ოცნების“ კლანისა და კასტის წარმომადგენელი. ამიტომ უტიფრობა, გასაგებია, მათ ახასიათებთ. შეუძლიათ ერთხელ დაუჭირონ მხარი ინიციატივას, რომ პრეზიდენტის არჩევის წესი გააუქმონ, მეორედ შეიძლება თქვან, რომ პრეზიდენტის არჩევის წესი უნდა იყოს პირდაპირი გზით. თუ იქნება საკითხი, უნდა აირჩიოს თუ არა პრეზიდენტი პირდაპირი წესით - ჩვენ ვემხრობით. თუ უფრო ფართო ლეგიტიმაციით ქართველი ხალხი აირჩევს პრეზიდენტს, ეს იქნება უკეთესი, ჩვენ გვჭირდება მოსახლეობის ფართო ჩართულობა დემოკრატიულ პროცესში და მივესალმებით იმას, თუ იქნება იდეის დონეზე პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი გზით,“ - განაცხადა ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრმა ნიკა ობოლაძემ.

„ქართულ ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ ქვეყანაში ძალაუფლების გადანაწილების საუკეთესო წესი არსებობს და მისი გადახედვა მიზანშეწონილი არ არის.

„მსგავსი ინიციატივა ნიშნავს, რომ იდეების კრიზისი აქვთ და თან უნდათ, რომ არ შეიმჩნიონ ეს კრიზისი, მაგრამ ფაქტია, რომ არაფერი გამოუვათ, ვინაიდან ახლა მსგავსი თემების წამოწევა და ამაზე საუბარი კიდევ უფრო მეტად კურიოზულ მდგომარეობაში აყენებს მთლიანად ამ გუნდს, თუ არსებობს, რა თქმა უნდა, საერთოდ აქ გუნდი.

ის მოდელი, რომელიც არსებობს დღეს ძალაუფლების გადანაწილების, არის საუკეთესო და ვფიქრობთ, რომ მისი გადახედვა დღეს ნამდვილად არ იქნება მიზანშეწონილი,“ - აცხადებს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე რატი იონათამიშვილი.

პარტია „საქართველოსთვის“ გამოდის ინიციატივით, საქართველოს კონსტიტუციაში პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით ცვლილება შევიდეს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, უნდა დაბრუნდეს მანამდე არსებული წესი და საქართველოს მომავალი პრეზიდენტი, საარჩევნო კოლეგიის ნაცვლად, კვლავ პირდაპირი წესით, საქართველოს მოქალაქეებმა აირჩიონ.

დღის ამბები