ახალი წლის დღეები ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. საზეიმო ღონისძიებები დღეს უკვე გურჯაანში გაიმართა. ქალაქის მთავარ გამზირზე, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, ბავშვების შეხვედრა თოვლის პაპასთან და ზღაპრის გმირებთან, ელფების სახელოსნო მოეწყო. ყველაფერი, რაც საახალწლო განწყობას ამაღლებს, მოსიარულე ორკესტრის მსვლელობით გაიხსნა, ჩატარდა ანიმატორების პროგრამა. დღე გურჯაანში კი ანსამბლ "შვიდკაცასა" და "გუფილენდის" გრანდიოზული კონცერტითა და საზეიმო ფეიერვერკით დასრულდა.
საგარეჯოში კი საზეიმო განწყობაზე "მგზავრები" ზრუნავდნენ, თუმცა კონცერტამდე იყო ყველა ასაკის ადამიანზე გათვლილი აქტივობები - საშობაო სოფელში საგანგებოდ მოწყობილ ჯადოსნურ სივრცეში გაიმართა თეატრალური სანახაობები, ასევე ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. გურჯაანის ცენტრში დილიდან შეხვდებოდით ანიმატორებს, ელფებს და პატარებისთვის ყველაზე საყვარელ თოვლის პაპას.
ახალი წლის დღეები ქედაშიც, ისევე როგორც საგარეჯოში, გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა. ღონისძიებები მაღალმთიან აჭარაში დილიდან დაიწყო - მოეწყო ბავშვთა სივრცეები, საახალწლო სათამაშოების შექმნის მასტერკლასები, ადგილობრივი ნაწარმისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. პატარები შეხვდნენ მათ საყვარელ ზღაპრის გმირებს და თოვლის ბაბუას, რომელმაც ბავშვებს საჩუქრები გადასცა. საღამო საახალწლო კონცერტით დასრულდა.
"ახალი წლის დღეები" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 63 მუნიციპალიტეტში ტარდება. ღონისძიებები 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.