25 ნოემბერი 2024,   18:44
ვრცლად
რუსეთი უკრაინაზე ინტენსიურ თავდასხმას განაგრძობს - ბოლო 24 საათში, საოკუპაციო რეჟიმმა უკრაინა 62-ჯერ დაბომბა და 100-ზე მეტ ოლქს შეუტია

რუსეთი უკრაინაზე ინტენსიურ თავდასხმას განაგრძობს. ბოლო 24 საათში, საოკუპაციო რეჟიმმა უკრაინა 62-ჯერ დაბომბა და 100-ზე მეტ ოლქს შეუტია. ძირითადი სამიზნე სამხრეთ რეგიონი, იერიშის სამიზნე კი ავდიივკას, მარინკას, ბახმუტისა და ლიმანის რეგიონებია. დაზიანდა და განადგურდა საცხოვრებელი შენობები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. პარალელურად, კინჯალის რაკეტებისა და ირანული შაჰედის დრონების შემდეგ, რუსეთის ხელში დამატებით ახალი საშიში იარაღი, ამჯერად უკვე ჩრდილოეთ კორეის წარმოებული KN-23 რაკეტებია.

ხარკოვის პროკურატურა და უკრაინის სპეციალური სამსახურები ახლა დეტალურად იკვლევენ მის მახასიათებლებს იმის ოფიციალურად დასადგენად, რომ აღნიშნული რაკეტა ჩრდილოეთ კორეის წარმოების KN-23-ია.

ზუსტი მოდელის დასადგენად, სპეციალისტები აკვირდებიან რაკეტის ძრავის და კორპუსის ნარჩენების დეტალებს, სადენების და თითოეული ჭანჭიკის განლაგების ჩათვლით. უკრაინელების გარდა ევროპელი და ამერიკელი ექსპერტების დასკვნებიც ჩრდილო კორეულ KN-23-მდე მიდის. ამასთან, ექსპერტების ვარაუდით, შესაძლოა რუსეთს ჩრდილოეთ კორეისგან ათეულობით მსგავსი ბალისტიკური რაკეტა ჰქონდეს მიღებული.

გაზრდილი საფრთხეების და ახალი გამოწვევების გათვალისწინებით, უკრაინის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს პარტნიორ ქვეყნებს, პირველ რიგში კი აშშ-ს რომ მის ქვეყანას სამხედრო დახმარება მიაწოდონ. ამასთან ზელენსკი აღნიშნავს, რომ 2024 წელი მიმდინარე ომში გადამწყვეტი იქნება.

2024 წლის პირველი კვირა რუსეთ-უკრაინის ომის ჭრილში ინტენსიური შეტაკებებით, საჰაერო და სარაკეტო იერიშებით გამორჩეული იყო. ოკუპანტი ქვეყნის ხელმძღვანელობა ცდილობს ბრძოლის ველზე ინიციატივის მოპოვებით პოლიტიკური პოზიციებიც გაიმყაროს. ჯერჯერობით არ ჩანს რაიმე სახის მოლაპარაკების და შეთანხმების რეალური პერსპექტივა თუმცა ამ მხრივ პირველი ნაბიჯი წელსაც რეჯეპ თაიფ ერდოღანმა გადადგა. თურქეთის პრეზიდენტს დღეს სატელეფონო საუბარი ჰქონდა ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რომელსაც მხარეთა ჩართულობის შემთხვევაში სამშვიდობო მოლაპარაკებების თურქეთში გამართვის მზაობა დაუდასტურა.

 

 

 

დღის ამბები