25 ნოემბერი 2024,   18:30
ვრცლად
ჩამსხვრეული ფანჯრები, კონგრესის დერეფნებში შეჭრილი ხალხი და პოლიციასთან შეტაკება - კაპიტოლიუმზე მომხდარი თავდასხმიდან 3 წელი გავიდა

კაპიტოლიუმზე დონალდ ტრამპის მომხრეების თავდასხმიდან, 6 იანვარს, 3 წელი სრულდება. 1814 წლის აგვისტოს შემდეგ, როდესაც ბრიტანეთის ძალებმა ვაშინგტონის სხვა სამთავრობო შენობებთან ერთად, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოც გადაწვეს, მსგავსი თავდასხმა კაპიტოლიუმის წინააღმდეგ, ამერიკის ისტორიას არ ახსოვს.

კაპიტოლიუმის შენობის ჩამსხვრეული ფანჯრები, შემტვრეული კარები, კონგრესის დერეფნებში შეჭრილი ხალხი და პოლიციასთან შეტაკება, დონალდ ტრამპის მიერ ხელისუფლების შენარჩუნების წარუმატებელი მცდელობის სიმბოლოდ დარჩა. კონგრესის ქვედა პალატის სპეციალური კომიტეტი, კაპიტოლიუმზე თავდასხმას თვეების განმავლობაში იძიებდა და ათასამდე ადამიანი გამოკითხა. 2022 წლის დეკემბერში, 845 გვერდიანი საბოლოო ანგარიში, სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად, კონგრესმა იუსტიციის დეპარტამენტს გადაუგზავნა.

2021 წლის 6 იანვრიდან 3 წლის შემდეგ, პოლიტიკოსი, რომლის სიტყვამაც, ბევრი ამერიკელის აზრით გააღვივა და წაახალისა კაპიტოლიუმზე თავდასხმა, ისევ პრეზიდენტობის რეალური კანდიდატია და რესპუბლიკურ პარტიაში კონკურენტები თითქმის არ ჰყავს. თუმცა ორი შტატი - კოლორადო და მეინი, ჯერჯერობით ტრამპის სახელის ბიულეტენებში შეტანას არ აპირებენ. შტატებში თვლიან, რომ კონსტიტუციის მე-14 ჩასწორება, მას არჩევნებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევს.

დღეს ჯორჯიის შტატში და ფედერალურ დონეზე, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ, ჯამში 91 მუხლით, სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული და ნებისმიერი შეიძლება პოტენციურად პატიმრობის მიზეზი გახდეს. ასევე, სამოქალაქო საქმეა ნიუ იორკში, რამაც შესაძლოა მისი ბიზნეს იმპერია დააზარალოს.

კაპიტოლიუმზე თავდასხმის 3 წლისთავს, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს საგანგებო მიმართვით, სიმბოლურად, ველი ფორჯიდან პასუხობს. ეს არის ადგილი, სადაც ჯორჯ ვაშინგტონმა და კონტინენტურმა არმიამ, რევოლუციის დროს სასტიკი ზამთარი გადაიტანეს.

 

 

დღის ამბები