25 ნოემბერი 2024,   18:43
ვრცლად
"ვვარაუდობთ, რომ ხვალისთვის კობი-გუდაურის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება" - საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე

კობი-გუდაურის საგზაო მონაკვეთზე ისევ შეზღუდვებია. თოვის და ლიპყინულის გამო, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის გადაადგილება. გზის ამ მონაკვეთზე მანქანები ზვავდამცავი გვირაბების გავლით, გაუჩერებლად გავლის რეჟიმში მოძრაობენ. მიმოსვლას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.

მესტიის გზაზე კი გადაადგილება აღდგა. კლდოვანი მასის ცვენის გამო, აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ადგილზე დღეს სპეციალისტებს ელოდებიან. დიდი მოცულობის კლდოვანი მასა ზუგდიდი-ჯვარი- მესტია-ლასდილის გზის 73-ე კილომეტრზე 2 დღის წინ ჩამოვიდა.

"მოძრაობა შეზღუდულია მისაბმელიანი ტრანსპორტისთვის ტყიბული-ამბროლაური-ნაქერალას მიმართულებით, საჩხერე-რაჭის მიმართულებით.

ვვარაუდობთ, რომ ხვალისთვის კობი-გუდაურის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება.

ზვავსაშიშროება არ არის, უბრალოდ, ვინაიდან იყო ძლიერი ნალექი, რეკომენდაცია გაიცა მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის შეზღუდვებზე, რათა არ შექმნილიყო საცობები,"-საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე პავლე გამყრელიძე.

დღის ამბები