მესტიის გზაზე მოძრაობა ისევ შეზღუდულია - მას შემდეგ, რაც დილით გზა გახსნეს, ქვათაცვენა ისევ დაფიქსირდა, რის გამოც სამართალდამცველები მოძრაობას აკონტროლებენ და მანქანებს გარკვეული პერიოდულობით უშვებენ.
ავტოტრანსპორტის გადაადგილება ამ მომენტისთვის აკრძალული არ არის, თუმცა შეზღუდვები მაინც რჩება. ადგილზე მყოფი შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ამბობენ, რომ საფრთხე და საშიშროება იმისა, რომ ქვათაცვენა კვლავ გაგრძელდეს არის, და არ იციან, როდის შეიძლება ისევ ჩაიკეტოს და აიკრძალოს მოძრაობა.
კლდოვანი მასის ცვენის გამო, გზაზე მეორე დღეა პრობლემებია. გუშინ საღამოდან ამ მონაკვეთზე აკრძალული იყო ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა.
დიდი მოცულობის კლდოვანი მასა ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის 73-ე კილომეტრზე ჩამოვიდა.
ხაიშში გაწმენდითი სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.