წლევანდელი წელი იყო გამონაკლისი და ძალიან სასიხარულოა, რომ იაშვილის კლინიკაში პირველი ახალი წელია, როდესაც პიროტექნიკით დაზიანებული ბავშვი არ შემოსულა, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, წლევანდელი ახალი წელი იყო სრულიად გამორჩეული.
„პიროტექნიკასთან დაკავშირებით წლების განმავლობაში არაერთი გაფრთხილება იყო, თუმცა მე არ მახსოვს, ბოლო წლების განმავლობაში, ახალი წლის ღამეს იაშვილში არ მიგვეღოს მძიმედ დაზიანებული ბავშვები, ოპერაციის აუცილებლობა, მძიმე სისხლდენები, ტრავმები. ეს იყო 31 დეკემბრის ღამის თანმდევი. წლევანდელი წელი იყო გამონაკლისი და ძალიან სასიხარულოა, რომ იაშვილის კლინიკაში პირველი ახალი წელია, როცა პიროტექნიკით დაზიანებული ბავშვი არ შემოსულა. არ ვიცი, ამის უკან რა დგას. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამის უკან დგას ის ელემენტარული სიფრთხილის შეგრძნება და სიფრთხილე, რაც უნდა ჰქონდეს ნებისმიერ მშობელს, როცა ახალ წელს ვხვდებით“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.