ნიგოზი აცმულია, თათარა მოდუღებულია და გურული ჯანჯუხაც ამოვლებულია - ასე ემზადებიან ახალი წლისთვის ლანჩხუთში. სოფელ ნიგოითში და მთელ გურიაში, ახალი წლის სამზადისი წლის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია.
გოგეშვილების ოჯახში დიდი ფუსფუსია. ოჯახის დიასახლისი გარდა გურული ჯანჯუხისა, სიმინდის ტაროზე ამოვლებულ ტკბილ კვერსაც ამზადებს. პარალელურად კი გვიყვება იმ ტრადიციების შესახებ, რომელიც გურიაში საახალწლოდ არის დამკვიდრებული.
"ღორი იკვლება, ოჯახის მამაკაცი, ღორის თავით, ტკბილეულით, ჩურჩხელებით გადადის ეზოს გაღმა და ზუსტად 31–ში 12:00 საათის შემდეგ შემოდის ლოცვით და შემდეგ ვაწყობთ მაგიდას. ბავშვებს უხარიათ ეს მომენტი, დიდებსაც და პატარებსაც," - ამბობს ლამზირა გოგეშვილი.
ჩურჩხელის ამოვლების შემდეგ, დიასახლისი გურული ხაჭაპურის ანუ გურული ღვეზელის ცხობას იწყებს. წინასწარ მომზადებული ინგრედიენტები –მოხარშული კვერცხი, ყველი და ცომი. ტრადიციულად, კარგად გახურებულ კეცზე გამომცხვარი გურული ღვეზელი, ახალი წლის სუფრაზე საპატიო ადგილს იკავებს. გარდა ღვეზელისა, კეცზე აცხობენ მჭადსაც, რომელსაც სუფრაზე დაუჭრელად დებენ. ესეც გურული ტრადიციის ნაწილია.
ცოლიკაური, ჩხავერი, საკმიელა – სწორედ ღვინის ეს ჯიშები იყრის თავს გოგეშვილების მარანში. ოჯახის უფროსი კი საახალწლო სუფრისთვის მზადებას, პირველ რიგში, ღვინის შერჩევით იწყებს და დოქებით ხელში მარანს აკითხავს. პარალელურად, ოჯახის დიასახლისები სუფრის გაწყობას იწყებენ. სუფრაზე გურიისთვის დამახასიათებელი ყველა კერძი დევს. აქვეა ნაძვის ხე და მორთული გურული ჩიჩილაკი. გურიაში სტუმრები ყოველთვის დიდი სიხარულია და ახალ წელს - განსაკუთრებით. ოჯახის უფროსი ფიალით ხელში ახალი წლისთვის საუკეთესო სურვილებს ჩაუთქვამს და მშვიდობას, სიკეთესა და სიუხვეს სოფელ ნიგოითიდან მთელ საქართველოს უგზავნის.
გურიაში დიდი მნიშვნელობა აქვს ახალი წლის სტუმრებს, რომლებსაც სიმღერის ნიჭიც აქვთ. მშვიდობა - ეს არის მთავარი, რასაც გურულები მთელ ქვეყანას უსურვებენ.