დისნეილენდის საგზური მთელი ოჯახისთვის, ბინა მრავალფუნქციურ კომპლექსში და 10 000 ლარი - ახალი 2024 წლის დაწყებისთანავე "რუსთავი 2-ის" გასართობი გადაცემების მონაწილეებს, ოცნებები აუსრულდათ. წინასაახალწლო მზადების პარალელურად, მაყურებელს მთელი დღის განმავლობაში ჰქონდა შესაძლებლობა, თვალი ედევნებინა ყველაზე რეიტინგული პროექტების ფინალებისთვის.
ყველაზე მუსიკალური და აზარტული მეგაპროექტის ფინალი განსაკუთრებით დასამახსოვრებელი 22 წლის საბა მიქელაძისთვის აღმოჩნდა. "გვაჩვენე შენი ხმის" 12 საუკეთესო მონაწილეს შორის, განსაკუთრებული მოწონება, სწორედ კონსერვატორიის სტუდენტმა დაიმსახურა. კორეული პროექტი ქართულ ტელესივრცეში სიახლეა. "გვაჩვენე შენი ხმა" თანაბრად აზარტულია სტუმრებისთვისაც და ეკრანთან მყოფი მაყურებლებისთვისაც. მთავარ მოთამაშეს, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ექსპერტები ეხმარებიან გამოიცნონ იდუმალი პერსონაჟიდან ვინ მღერის და ვინ არა. პირველ სეზონზე პროექტმა არაერთი მომღერალი აღმოაჩინა. საბა მიქელაძე მეგაპროექტის გამარჯვებულია - მას 10 000 ლარი "რუსთავი 2-ის" გენერალურმა დირექტორმა გადასცა.
გამარჯვებულის გამოვლენასთან ერთად, არხის ხელმძღვანელმა, მაყურებელს სხვა სასიამოვნო სიახლეც გააცნო. "რუსთავი 2-ის" ეთერში, ყველაზე რეიტინგული მეგაშოუ - "ნიჭიერი" ბრუნდება.
"რუსთავი 2-ის" მაყურებელმა, საახალწლო ეთერში, ყველაზე გემრიელი გადაცემის ფინალიც იხილა. "შეფების ლიგის" ფინალისტებს, მკაცრი ჟიური, საახალწლო ვახშმითა და საავტორო კერძით უნდა მოეხიბლათ.
კულინარიული შეჯიბრის პირველი სეზონის გამარჯვებულის ტიტულისთვის, ირაკლი მაკასარაშვილი და გიორგი მღვდელაძე იბრძოდნენ. თუმცა, ფინალამდე იყო გრძელი გზა - რამდენიმე თვის განმავლობაში, ორ გუნდად დაყოფილი 12 მონაწილე და რთული კონკურსი.
რეიტინგული გადაცემის მთავარი პრიზი - ბინა მულტიფუნქციურ კომპლექსში, ირაკლი მაკასარაშვილს ერგო. ჯილდო მას კომპანია "მონოლით ჯგუფმა" გადასცა. საჩუქრების გარეშე არც მეორე ფინალისტი დარჩენილა.
მუსიკალური და კულინარიული პროექტების გარდა, "რუსთავი 2-ის" მაყურებელმა, ყველაზე ოჯახური გადაცემის ფინალიც იხილა. "ოჯახობანას" მეორე სეზონის ფინალში, დისნეილენდის საგზურისთვის ორი ოჯახი იბრძოდა - ნავაძეები და შათირიშვილები. შემეცნებით ტურებში ნავაძეებმა გაიმარჯვეს. იოანა და დამიანე მშობლებთან ერთად პარიზის დისნეილენდს ეწვევიან.
ასეთი იყო 2023 წლის ბოლო "რუსთავი 2-ის" ეთერი, სადაც კიდევ უფრო მეტ სიახლეს, საინტერესო გადაცემებს და ახალ მეგაშოუებს უნდა ელოდოს მაყურებელი 2024 წლიდან. ახალ სატელევიზიო სეზონზე, მაყურებელი ამ არხზე კიდევ უფრო მეტ, მასშტაბურ პროექტს იხილავს.