25 ნოემბერი 2024,   20:31
ვრცლად
უკრაინის შურისძიება რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შემდეგ - უკრაინის საზღვართან მდებარე რუსული ქალაქები ინტენსიურად იბომბება

უკრაინაზე რუსეთის მხრიდან ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, კიევის შურისძიებამ არ დააყოვნა. ახალ წლამდე ორი დღით ადრე, ინტენსიურად იბომბება უკრაინის საზღვართან მდებარე რუსული ქალაქები.

უკრაინულმა კამიკაძე დრონებმა და რაკეტებმა ყველაზე დიდი ზიანი ქალაქ ბრიანსკს მიაყენეს, სადაც რუსული მედიის მტკიცებით, აფეთქებამ ორი ბავშვის სიცოცხლეც იმსხვერპლა.

გაცილებით დიდია მსხვერპლის რაოდენობა ბელგოროდში, სადაც, ამ დროის მონაცემებით, დაღუპულია 14, ხოლო დაჭრილების რიცხვმა 100-ს გადააჭარბა. ეს 2-წლიან ომში უკრაინის მხრიდან რუსეთზე ყველაზე ფართომასშტაბიანი შეტევაა.

რამდენიმე საათის განმავლობაში, რუსული ქალაქები, რომელიც უკრაინის საზღვართან მდებარეობს, კვამლში იყო გახვეული.

კიევი ახალი წლის აღნიშვნას არ აპირებს და პირველ იანვარს ქვეყნის ოთხ ქალაქში გლოვის დღედ აცხადებს. გუშინდელ რუსულ სარაკეტო ტერორს, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 39 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 120-ზე მეტი კი დაიჭრა. მაშველები ოდესაში, დნიპროსა და ზაპოროჟიეში, ამ დრომდე, ეძებენ ნანგრევებში მოქალაქეებს.

ეს ომის დაწყების დღიდან რუსეთის ყველაზე მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა იყო, რა დროსაც უკრაინის მიმართულებით სხვადასხვა ტიპის 160 ფრთოსანი რაკეტა და კამიკაძე დრონი გაუშვეს.

ვოლოდიმირ ზელენსკი შველას ითხოვს. დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას სასწრაფო წესით გამოუყო 200 ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტა, ბაიდენი კი რესპუბლიკელებისგან ისევ ითხოვს კიევისთვის განკუთვნილი სამხედრო დახმარების პაკეტის მხარდაჭერას.

დღის ამბები