"ქართული ოცნების" რიგით მე-7 ყრილობის მთავარი მოვლენა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მესამედ მოსვლა იყო. პარტიის დამფუძნებლის გადაწყვეტილება ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ივანიშვილის დაბრუნების შესახებ ყრილობის დელეგატთა ნაწილმა დარბაზში შეიტყო, საზოგადოებამ კი ტელეეკრანებიდან - მას შემდეგ, რაც კადრში ყოფილი პრემიერი პარტიის ლიდერებთან ერთად გამოჩნდა.
რატომ გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნება - ეს მან საკუთარ მიმართვაში დეტალურად განმარტა. ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც, საპატიო თავმჯდომარედ არჩევის შესახებ პარტიას თავად მიმართა. რთული გამოწვევები, ეროვნული მიზნების შესრულება, ოპოზიციის სისუსტე და, ამ ფონზე, მმართველ პარტიაში დაპირისპირებისა და კორუფციის რისკები, რაც დაზღვევას საჭიროებს - ეს, ბიძინა ივანიშვილის თქმით, მისი დაბრუნების მთავარი ფაქტორებია.
ბიძინა ივანიშვილი, როგორც პარტიის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი, ამბობს, რომ თავმჯდომარის უფლებამოსილებებს არ შეითავსებს. განმარტავს, რომ მისი მიზანი საარჩევნოდ გუნდის გაძლიერება არ არის, რადგან ამის საჭიროება მმართველ პარტიას არ აქვს. გადაწყვეტილების მოტივად ასახელებს პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე ეროვნული ამოცანების შესასრულებლად, რაც, მისივე თქმით, ევროკავშირში გაწევრიანებასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას უკავშირდება.
ივანიშვილის სიტყვა მხოლოდ მომავალს არ ეხებოდა, იყო წარსულის გახსენებაც - თარიღებისა და მიზეზების, რის გამოც პოლიტიკაში რამდენჯერმე დაბრუნდა. გასულ წლებსა და ოპონენტებზე საუბრის დროს, დღეს ბიძინა ივანიშვილს "ნაციონალურ მოძრაობაზე" აღარ უსაუბრია. ერთადერთი, ვინც ოპონენტებიდან პერსონალურად ახსენა, გიორგი გახარია იყო და ის გუნდის ღალატში საჯაროდ დაადანაშაულა. "ქართული ოცნების" დამფუძნებლის შემდეგ, ტრიბუნა ისევ პარტიის თავმჯდომარემ დაიკავა. ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილს მადლობა მთელი პარტიის სახელით გადაუხადა.
დარბაზში ტაშით შეხვდნენ განახლებული პოლიტსაბჭოს შემადგენლობის გამოცხადებასაც. პარტიის წესდებაში ცვლილებაც შევიდა და, 20-ის ნაცვლად, 15 წევრი დაამტკიცეს. ყველა მათგანი პოლიტიკური საბჭოს ძველი წევრია. საბჭოში თანამდებობრივად შედის პარტიის თავმჯდომარეც.
ყრილობა "ქართული ოცნების" ტრადიციული სიმღერით და კონკრეტული შედეგით დასრულდა - ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში პარტიის საპატიო თავმჯდომარედ დაბრუნდა.