25 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
ხელოვნურად გაზრდილი ფასი წამლებზე - რატომ უძვირებდნენ მოქალაქეებს აფთიაქები წამლის ფასს და როგორია ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა ჯანდაცვის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე დაიწყო. გაირკვა, რომ ფარმაცევტული კომპანიები - "პსპ ფარმა", "ავერსი“, "ფარმადეპო“, "ჯიპისი“ და "მერმისი", მაქსიმალური მოგების მიზნით, ონკოლოგიურ მედიკამენტებზე - ფასს 300-400 პროცენტით უმატებდნენ და ერთმანეთთან შეთანხმებით იდენტურ ფასებს ადგენდნენ. მოკვლევა 2021 წლიდან 2023 წლის აგვისტოს ჩათლით პერიოდს მოიცავს. შეთანხმებული მოქმედებების გამო, სააგენტომ ოთხივე ფარმაცევტული კომპანია, 53 მილიონი ლარით დააჯარიმა.

"კურიერი" დღეს იმ ფარმაცევტულ კომპანიებში იმყოფებოდა, რომლებიც მოკვლევის შედეგად დაჯარიმდნენ. მედიკამენტების ხელოვნურ გაძვირებასთან დაკავშირებით აფთიაქებში საუბარი არ სურთ.

მედიკამენტების ფასების ხელოვნურ გაზრდასთან დაკავშირებით, მოგვიანებით განცხადება გაავრცელა ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციამ. "კურიერი" ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორსაც დაუკავშირდა. ილონა კოკიაშვილი ამბობს, რომ დაჯარიმებული კომპანიები კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ.

მსგავს ფაქტებზე სახელმწიფოს რეაგირება ყოველთვის მკაცრი იქნება – ასეთია ჯანდაცვის მინისტრის პოზიცია. ზურაბ აზარაშვილმა კონკურენციის სააგენტოს მოკვლევის შედეგებთან დაკავშირებით დღეს ბრიფინგი გამართა.

ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, 1000 პროცენტით და მეტით გაძვირებული მედიკამენტების სია, ჯანდაცვის სამინისტრომ გასულ კვირასაც გამოაქვეყნა. დადასტურდა თურქეთიდან იმპორტირებულ წამლებზე ფასების ხელოვნურად გაზრდის და და იგივე დასახელების ევროპული მედიკამენტების ღირებულებასთან გათანაბრების ფაქტები. გამოვლენილა ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატზე ხელოვნური დეფიციტის შექმნის შემთხვევებიც ამ კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით, კონკურენციის სააგენტო მოკვლევის დაწყების გადაწყვეტილებას, იანვარში მიიღებს.

დღის ამბები