25 ნოემბერი 2024,   21:27
ვრცლად
საქართველოში პირველად, ელექტროენერგიის გადასახადი იაფდება - რამდენი წელი არ შეიცვლება დენზე ტარიფი და რაზე დაყრდნობით მიიღო სემეკმა ეს გადაწყვეტილება

საქართველოში ელექტროენერგიის გადასახადი იაფდება. ელექტროენერგიის ტარიფების 3 თეთრით შემცირებას კომისიამ მხარი ერთხმად დაუჭირა. მილიონ 600 000 აბონენტი გაიაფებული ტარიფით 1 იანვრიდან ისარგებლებს. დადგენილი გადასახადი თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონზე ვრცელდება და როგორც სამომხმარებლო, ასევე კომერციულ აბონენტებს ეხება. სემეკის გადაწყვეტილებით, ახალი ტარიფი 3 წლის განმავლობაში არ შეიცვლება.

4 წლის განმავლობაში არ შეიცვლება გაზის საფასურიც. დღესვე სემეკმა წყლის ახალი ტარიფის დადგენაზეც იმსჯელა და მოსახლეობისთვის ტარიფი უცვლელი დატოვა. ის მხოლოდ კომერციული სექტორისთვის გაიზარდა - თბილისში, მცხეთასა და რუსთავში, თუმცა, ელექტროენერგიის ფასის შემცირების გათვალისწინებით, ეს ცვლილებაც დაკომპენსირდება.

სემეკის გადაწყვეტილების შესაბამისად, მოსახლეობა ელექტროენერგიის ახალი, შემცირებული ტარიფით დადგენილ პირველ საფასურს, თებერვალში გადაიხდის. სასმელი წყლის უწყვეტობის და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით კი GWP მსხვილ საინვესტიციო პროექტს განახორციელებს. ამისთვის კომპანიამ თითქმის 364 მილიონი ლარი უკვე გამოყო.

უპრეცედენტო გადაწყვეტილება - ასე აფასებენ ექსპერტები დენის გაიაფების გადაწყვეტილებას და შედეგს მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებენ. ამბობენ, რომ მოსახლეობისთვის ტარიფების შემცირების შესაძლებლობა ბოლო 3 წლის განმავლობაში ქვეყანაში მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ, ლარის კურსის სტაბილურობამ განაპირობა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში დღეს წლის ბოლო სხდომა გაიმართა.

დღის ამბები