ამერიკის სამხრეთ საზღვრისკენ მიმავალი მიგრანტების კოლონებს, ათასობით ადამიანი ემატება. ნაწილმა, არიზონის შტატის საიმიგრაციო პუნქტებთან უკვე მიაღწია და შეერთებულ შტატებში შესვლას ითხოვს. მიგრანტები და თავშესაფრის მთხოვნელები, რომელთა უმეტესობას სამხრეთ ამერიკის და აფრიკის სახელმწიფოების მოქალაქეები შეადგენენ, საზღვრისკენ დიდ ჯგუფებად მიდიან.
ხალხი ღამეებს საიმიგრაციო ოფიცრების მოლოდინში, საზღვარზე ათენებს. თუმცა მიგრანტების ტალღა იმდენად დიდია, რომ ამერიკის ფედერალური სააგენტოების მუშაობა, უკიდურესად გადატვირთა. სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და საშინაო უსაფრთხოების მინისტრი, ალეხანდრო მაიორკასი, დღეს, მექსიკაში, ქვეყნის პრეზიდენტს ხვდებიან, რათა მიგრანტების რეკორდული რაოდენობის შემცირებაზე მოელაპარაკონ.
სასაზღვრო კრიზისი, ნიუ-იორკს მძიმედ დააწვა, სადაც თავშესაფრები მიგრანტებით არის გადავსებული.
მიგრანტთა ეგრეთწოდებული "საშობაო ქარავანი" ახალ გამოწვევად ექცა პრეზიდენტ ბაიდენს, რომელიც საიმიგრაციო პოლიტიკის გამო, რესპუბლიკელებისგან მუდმივი ზეწოლის ქვეშაა. პარტიებს შორის უთანხმოება, ბოლო დროს, იმდენად გამწვავდა, რომ კონგრესის რესპუბლიკელებმა ისრაელის და უკრაინის დახმარებაც დაბლოკეს, რათა ეიძულებინათ ადმინისტრაცია, კანონპროექტისთვის საზღვრის დაცვის და საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების თემაც მიება. უმწვავესი პოზიცია აქვთ "მაგას" რესპუბლიკელებს. გასულ კვირას, იმიგრანტებზე გაკეთებული ტრამპის განცხადება, ამერიკაში ნაცისტების ეპოქის რიტორიკად შეაფასეს.
ამერიკის საბაჟო და საზღვრის დაცვის სამსახურმა, თანამშრომელთა სიმცირის გამო, მექსიკასთან რამდენიმე გადასასვლელი პუნქტი დახურა. ეს უარყოფით გავლენას ახდენს მექსიკის ეკონომიკაზე, რამაც უნდა აიძულოს ქვეყნის პრეზიდენტი, მიგრანტთა კრიზისთან გასამკლავებლად, უფრო სწრაფად იმოქმედოს.